27 აპრილი 2024,   07:59
ვრცლად
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთის პრეზიდენტად მესამე ვადის ათვლა დაიწყო - ანკარაში ინაუგურაციის პომპეზურ ცერემონიას არაერთი ქვეყნის ლიდერი დაესწრო

აპლოდისმენტები გასული 20 და მომდევნო 5 წლისთვის ერდოღანმა მთელი მსოფლიოსგან მიიღო. პრეზიდენტის სასახლეში სტუმრები რუსეთიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, შუა აზიიდან, აფრიკიდან, ვენესუელიდან და კოსოვოდან იყვნენ. ინაუგურაციაზე იმოყფებოდა იენს სტოლტენბერგიც.

დღის მთავარი სიტყვა რეჯეფ ტაეპ ერდოღანმა სწორედ პრეზიდენტის სასახლეში, ინაუგურაციაზე თქვა. მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც უსმენდა.

პირველი გაჩერება თურქეთის ეროვნული ასამბლეა იყო, სადაც ერდოღანის განახლებული მანდატი პარლამენტის უხუცესმა წევრმა დაამტკიცა.

ფიცის დადების შემდეგ ერდოღანი მე-3 საპრეზიდენტო ვადას უკვე ოფიციალურად შეუდგა. მიზნად ისეთ გარდატეხებს ისახავს, რომელსაც სამომავლოდ, თამამად უწოდებენ "თურქეთის საუკუნეს". ამ შინაარსის ფიცი მან უკვე რესპუბლიკის მამასთან, მუსტაფა ქემალ ათათურქის მემორიალთან დადო.

მავზოლეუმში ვიზიტი ბოლო დროის ტრადიციაა და ერთგვარი სიმბოლურ დატვირთვასაც ატარებს - პატივისცემას იმ ადამიანის მიმართ, ვინც თურქეთი განვითარების რელსებზე შესვა.

ახლა მთავარი ინტრიგა დღევანდელი საღამოს საზეიმო მიღებაა - ერთი მხრივ იმ საუბრების გამო, რასაც არაფორმალურ გარემოში, დახურულ კარს მიღმა მსოფლიო ლიდერები გამართავენ. მეორეს მხრივ კი, მინისტრთა ახალი კაბინეტის შემადგენლობის გამო, რომელსაც ერდოღანი დღეს დაასახელებს. ყველა ელის, რომ ეკონომიკური სირთულეების ფონზე, პრეზიდენტი ცვლილებებს ეკონომიკურ გუნდში შეიტანს. დეტალები თბილისის დროით, 10 საათზე გახდება ცნობილი.

დღის ამბები