გურჯაანში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ქალაქის ცენტრალური ქუჩა ისევ დაკეტილია. აქ მდინარე ნავთისხევი კალაპოტის გარღვევის შემდეგ რამდენიმე საათი მიედინებოდა, შედეგად წყალდიდობამ დატბორა საცხოვრებელი სახლები, აფთიაქები, მაღაზიები და ავტომობილები, მნიშვნელოვნად დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურა.
გარდა ამისა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დაისეტყვა. ფერმერების თქმით, ვენახები განადგურებულია.
"ასეთი წვიმა და ნიაღვარი ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს. მადლობლები ვართ, რომ მთელი ღამე არ გაჩერებულან და თავდადებულად იმუშავეს. მადლობას მოვუხდი ყველას, ყველანაირად ცდილობენ, რომ დაგვეხმარონ და ჩვენც რაც შეგვიძლია, ვაკეთებთ ყველაფერს," - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
ამასთან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ილია ბეგიაშვილი აცხადებს, რომ სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მისივე ინფორმაციით, საბაზისო ინფრასტრუქტურა - დენი, წყალი, გაზი დღეს საღამოსთვის აღდგენილი იქნება.