04 მაისი 2024,   17:56
ვრცლად
დანგრეული გზები, დატბორილი შიდა ქუჩები, მოგლეჯილი ხეები და დაზიანებული ინფრასტრუქტურა - გურჯაანი უამინდობამ სტიქიის ზონად აქცია

დანგრეული გზები, დატბორილი შიდა ქუჩები, მოგლეჯილი ხეები და დაზიანებული ინფრასტრუქტურა - ძლიერი წვიმის შემდეგ გურჯაანი ასე გამოიყურება. მუნიციპალიტეტში მეორე დღეა, უხვი ნალექის შედეგებს ებრძვიან. გუშინ საღამოს გადაუღებელი წვიმის გამო, მდინარე ნავთისხევი ადიდა. 

კალაპოტიდან გადმოსულმა წყალმა გზად ყველაფერი დაფარა. სწრაფმა დინებამ წაიღო ავტომობილები, რომელთა ნაწილი გურჯაანიდან რამდენიმე კილომეტრში გამორიყა. წყალმა ქვა-ღორღი შეიტანა მაღაზიებში და აფთიაქებში. სავაჭრო ობიექტებზე დაზიანდა ინვენტარი.

ძლიერმა წვიმამ გურჯაანში საცხოვრებელი სახლებიც დააზიანა. ადგილობრივების უმეტესობას სარდაფები და პირველი სართულები დაეტბორათ. წყალმა დაფარა სახნავ-სათესი მიწები და ვენახები. დაზარალებულ მოსახლეობას გაწმენდით სამუშაოებში მეხანძრე მაშველებიც ეხმარებიან. ადგილობრივები ყვებიან, რომ ამ მასშტაბის სტიქია გურჯაანში არ ახსოვთ.

ყველა პრობლემურ მონაკვეთზე მძიმე ტექნიკა უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. ცენტრალური და შიდა გზების გაწმენდის პროცესში ჩართულია ცოცხალი ძალაც. მუნიციპალური სამსახურების თანამშრომლები სავალ გზებს ასუფთავებენ. საავტომობილო მოძრაობა თითქმის სრულად არის აღდგენილი .

პრემიერის დავალებით, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წევრები, უკვე მეორე დღეა, გურჯაანში იმყოფებიან და სტიქიით დაზიანებულ უბნებში არსებულ ვითარებას ეცნობიან. კოორდინირებული მუშაობისთვის შეიქმნა საგანგებო შტაბიც. პერიოდულად ტარდება თათბირებიც, რა დროსაც მიმდინარე სამუშაო პროცესს და სალიკვიდაციო სამუშაოების დეტალებს განიხილავენ.

მთავარი პრობლემა, რომელიც გურჯაანში უსწრაფესად უნდა მოგვარდეს, წყლის, გაზის, ელექტროენერგიის და ინტერნეტის მიწოდების აღდგენაა. ქალაქში ელექტროსისტემის დროულად ჩასართავად შესაბამისი სამსახურები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ.

სალიკვიდაციო სამუშოების ადგილზე სანახავად გურჯაანში "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი ბოტკოველიც ჩავიდა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ადგილობრივი ხელისუფლება არასათანადო სამუშაოების ჩატარებაში დაადანაშაულა. მის ამ ბრალდებებს სტიქიის ზონაში მყოფი მოსახლეობის უკმაყოფილება მოყვა. პოლიტიკოსი მოქალაქეებმა პოპულიზმში დაადანაშაულეს .

გურჯაანში სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე ინტენსიურად მიმდინარეობს. უახლოეს დღეებში, სპეციალური კომისია უკვე სტიქიის შედეგად გამოწვეულ ზარალს დაითვლის.

დღის ამბები