27 აპრილი 2024,   11:16
ვრცლად
19 საათში, ევგენი პრიგოჟინის სამხედრო დაჯგუფებამ რუსეთი სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანა - რა იყო პრიგოჟინის მიზანი, რატომ არ ან ვერ მიიყვანა გეგმა ბოლომდე

ჩაშლილი ამბოხი და არშემდგარი სამხედრო გადატრიალება -19 საათში ევგენი პრიგოჟინის სამხედრო დაჯგუფებამ რუსეთი სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანა. კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" მებრძოლები მოსკოვის ოლქთან ძალიან ახლოს მივიდნენ. მათ რუსეთის ცენტრამდე სულ რაღაც 200 კილომეტრი ჰქონდათ დარჩენილი. პუტინის ყოფილმა მოკავშირემ, რომელმაც უკრაინაში 16 თვის განმავლობაში ყველაზე სისხლიან ბრძოლებში მიიღო მონაწილეობა რუსეთის თავდაცვის ძალებს დაუპირისპირდა. პრიგოჟინი თავის მებრძოლებთან ერთად მოსკოვისკენ მიდიოდა იმ მიზნით, რომ როგორც თავად ამბობს, კორუმპირებული და არაკომპეტენტური რუსი სამხედრო ხელმძღვანელობა დაემხო. პუტინის ყოფილი შეფ-მზარეული, რუსეთის თავდაცვის მინისტრს ომის არასწორ წარმართვაში ადანაშაულებდა.

ამბოხიდან დაახლოებით 19 საათის შემდეგ პრიგოჟინმა თავად გაავრცელა ხმოვანი შეტყობინება და თქვა, რომ რუსული სისხლის დაღვრა არ უნდოდა. შეთანხმება შედგა. უკან დაიხია და მისი მებრძოლები დისლოკაციის ადგილებს დაუბრუნდნენ.

გაჩნდა ბევრი კითხვა - რა მოხდა რეალურად, რა იყო პრიგოჟინის მიზანი, როგორ გაიარეს მისმა მებრძოლებმა თითქმის 1000 კილომეტრი და როგორ აიღეს დასახლებები უბრძოლველად, რატომ არ ან ვერ მიიყვანა თავისი გეგმა ბოლომდე და რეალურად ვის თამაშს თამაშობს ის?

მოვლენების ქრონოლოგია - პრიგოჟინი აუჯანყდა რუსეთის თავდაცვის ძალების ხელმძღვანელებს. აჯანყებიდან 5 საათის შემდეგ, მისმა მებრძოლებმა რუსეთის სამხრეთში მდებარე ქალაქი როსტოვი დაიკავეს. მალევე ეს ვლადიმერ პუტინმაც დაადასტურა სატელევიზიო მიმართვაში.

როსტოვის აღებიდან რამდენიმე საათში კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფება ქალაქ ვორონეჟში შევიდა. ამ ქალაქში "ვაგნერის" მებრძოლებმა სამხედრო ობიექტები დაიკავეს. ამ შემთხვევაშიც, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მათთვის წინააღმდეგობა ფაქტობრივად არავის გაუწევია. დაახლოებით დღის 2 საათზე, "ვაგნერის" კოლონამ ვორონეჟის ოლქი გაიარა და ლიპეცკის ოლქში შევიდა. ლიპეცკიდან მოსკოვამდე გზა ტულაზე გადის. სავარაუდოდ სწორედ ეს იყო პრიგოჟინის და მისი მებრძოლების ბოლო გაჩერება. აქედან დაახლოებით 200 კილომეტრში მდებარეობს მოსკოვის ოლქი.

მას შემდეგ, რაც პრიგოჟინი აჯანყდა, მოსკოვმა თავდაცვითი ძალები გააძლიერა. რუსეთმა მოსკოვთან მისასვლელ ყველა ხიდზე შეიარაღებული ძალები მოაბილიზა. ქალაქის ყველა შესასვლელი იყო ბლოკირებული. მოს­კო­ვის მი­სას­ვლე­ლებ­თან ბლოკპოს­ტე­ბი მოაწყვეს.

რუსეთის დედაქალაქისკენ მიმავალ მთავარ გზატკეცილზე- M4-ზე გადაადგილება აიკრძალა. სწორედ ამ გზის გამოყენებით მიდიოდნენ ვაგნერელები რუსეთის დედაქალაქისკენ.

დღის ამბები