19 მაისი 2024,   06:03
ვრცლად
მარელისის რკინიგზის სადგურზე, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია კვლავ გრძელდება

ჩამოშლილი მიწა და გაჩერებული რკინიგზა - დასავლეთის მიმართულებით, მატარებლით მოძრაობის შეფერხების მიზეზი უხვი ნალექია. სოფელ მარელისში, რკინიგზის სადგურზე, სადაც მეწყერი ჩამოწვა, 72 წლის კაცს ეძებენ. სავარაუდოდ, ის მიწის მასაშია მოყოლილი.

შემთხვევის ადგილას, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს კინოლოგიური სამსახურიც ჩაერთო. არსებული ინფორმაციით, 72 წლის კაცი მარელისში, დარაჯად მუშაობდა.

საქართველოს რკინიგზაში განმარტავენ, რომ ამ დროისათვის გზა გაწმენდილია, თუმცა ექსპერტების დასკვნის გარეშე მოძრაობა ვერ აღდგება. სამგზავრო გადაყვანების დირექტორის მოადგილის განმარტებით, ხვალ დილამდე ყველა რეისი შეჩერებულია. შექმნილი ვითარების გამო, მგზავრებს, ბილეთების ღირებულების 100 პროცენტი აუნაზღაურდებათ.

უხვი ნალექის გამო, მეწყერი ხარაგაულთან მდებარე სადგურ მარელისში გუშინ ჩამოწვა. ადგილზე, მთელი დღის განმავლობაში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა.

დღის ამბები