საგარეჯოში, სადაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტიის ლიდერები პენსიონერებს
ხვდებიან," ნაციონალური მოძრაობის" წევრებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
პარტიის წევრების მიმართულებით ქვებიც ისროლეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ისინი ვინც ლევან ხაბეიშვილს საგარეჯოში გამოჩენას აპროტესტებდნენ ამბობენ, რომ მათ არანაირი მორალური უფლება არ აქვთ იქ ჩასვლის.
"ნაციონალურმა მოძრაობამ საქართველო გაყიდა, დავით გარეჯი ჩვენი აღარ არის, რას აკეთებენ ეგენი ერი ორად გახლიჩეს და შურს და აგრესიას აღვივებენ,"- აცხადებს აქციის მონაწილე.
"დავკარგეთ ქვეყნის 20% დაუდევრობით. მათ სიძულვილი დათესეს, ესენი ჩემს რაიონში არ უნდა მოდიოდნენ, ვერ ვიტანთ ამ ხალხს, გვძულს,"- ამბობს აქციის მონაწილე.
ლევან ხაბეიშვილი კი აცხადებს, რომ ის და მისი პარტიის წევრები, ყველაფრის მიუხედავად, მაინც გააგრძელებენ რეგიონებში სიარულს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ჩვენ ყველგან ჩასვლას და მუშაობას ვაპირებთ. საბანკო ოლიგარქია რომ ძარცვავს პენსიონერებს ამაზე ბევრსაც შევხვდებით და კონკრეტული შეთავაზებებიც გვექნება,"- აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.
კახეთის პოლიციის სამხარეო დეპარტამენტის უფროსი თეიმურაზ კალანდაძე კი აცხადებს, რომ შეტყობინების საფუძველზე, შემთხვევის ადგილზე მალევე გამოცხადდა პოლიცია და სიტუაციაც მალევე განიმუხტა.
თეიმურაზ კალანდაძე, ასევე, განმარტავს, რომ ამ ეტაპზე სიტუაციის მოკვლევა მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით თუ ვის რა სახის დაზიანება აქვს.