დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე სხდომა ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება. სასამართლოს წინაშე საპროექტო ორგანიზაციისა და "გრინსერვის+"-ის წარმომადგენლები წარდგებიან. გიგა გიგაშვილის უფლებადამცველის განმარტებით, შეკითხვები სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელთან აქვთ, რომელიც პროექტის მენეჯერი იყო.
საუბარია პროცესზე, სადაც მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილ უფროსს გიგა გიგაშვილს და ერთ-ერთ სპეციალისტს ასამართლებენ. მათ სამსახურებრივ გულგრილობასა და ყალბი დოკუმენტების გამოყენებაში სდებენ ბრალს. გარდა ამისა, სასამართლო განიხილავს შადრევნის რეაბილიტაციის პროცესში ჩართული სამი იურიდიული პირის ბრალეულობასაც; რაც შეეხება ამავე თემაზე დაკავებულ 9 პირს - პირველმა ინსტანციამ მათ განაჩენი რამდენიმე დღის წინ გამოუტანა.