წვიმამ ქუთაისი დააზარალა - დატბორილია შენობების პირველი სართულები. წერეთლის ქუჩაზე, წყალი საცხოვრებელ სახლებში შევიდა. წყლის დონემ სახლებში 1 მეტრს მიაღწია. დაზიანებულია ტექნიკა, ავეჯი და საყოფაცხოვრებო ნივთები. წყალი შევიდა პროკურატურის შენობაშიც. სტიქიის გამო იუსტიციის სახლი ნაწილობრივ მუშაობს. დაკეტილია შენობა. მომსახურება მოძრავი მობილური იუსტიციის სახლის მეშვეობით ხდება.
"ძალიან დიდი ზარალი მაქვს. მთლიანი ფართი, დაახლოებით 150 კვ.მ. დატბორილია, თითქმის 1 მეტრი წყალია. ყველანაირი ძვირფასი ავეჯი მიდგას, სამზარეულო, შემდეგ გარდერობის ოთახი, საკუჭნაო და მისაღები ოთახი - მთლიანად ყველაფერი წყალშია. ყველაფერი გადასაყრელი შემექმნება. უნდა დაგვეხმარონ, აბა დაქცეული ვარ, 40 000-ის ზარალი მაინც მაქვს," - აცხადებს ადგილობრივი დარეჯან კაკაბაძე.
გამოძახების სიმრავლის გამო საგანგებო ჯგუფები ადგილამდე დროულად მისვლას ვერ ახერხებენ. ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ სპეციალური ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, მობილიზებულია ტექნიკა და მოხდება ზარალის სრულად აღწერა.
"დაზიანებები არის როგორც კერძო ინფრასტრუქტურაზე, ასევე საჯარო და კომუნიკაციების ნაწილში. ელექტროენერგიის ნაწილში უმეტესი წილი აღდგენილია. რაც შეეხება საჯარო ინფრასტრუქტურას, ახლაც მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. იმ უბნებზე, სადაც არსებობს მეწყერ საშიში ზონები, პრევენციისთვის საჭირო ზომები მიმდინარეობს," - აცხადებს ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოადგილე მიშა ხიდაშელი.