21 აგვისტო 2026,   17:11
ვრცლად
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ამილახვარმა სამუშაო შეხვედრა გამართა უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან, შანდორ პინტერთან, რომელიც უნგრეთის ზოგადი განათლების მიმართულებას ხელმძღვანელობს.

გიორგი ამილახვარმა, მადლობა გადაუხადა შანდორ პინტერს საქართველოს ურყევი მხარდაჭერისთვის ევროინტეგრაციის გზაზე და ორ ქვეყანას შორის, მრავალწლიანი მჭიდრო და ნაყოფიერი პარტნიორობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ორივე ქვეყნის ზოგადი განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმები დეტალურად განიხილეს.

"ჩემს კოლეგა მინისტრთან ერთად განვიხილეთ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული საკითხი და ამ კუთხით უნგრეთიდან სრული მხარდაჭერა გვაქვს. ასევე, განვიხილეთ ზოგადი განათლების საკითხები, ის გამოცდილება და რეფორმები, რომელიც უნგრეთმა განახორციელა. შევთანხმდით, რომ შემოდგომაზე ხელი მოეწერება, ჩარჩო შეთანხმებას განათლებისა და მეცნიერების კუთხით საქართველოსა და უნგრეთს შორის", - განაცხადა ამილახვარმა.

შანდრო პინტერმა მჭიდრო თანამშრომლობისა და საქართველოს ზოგადი განათლების სისტემის მხარდაჭერის მზაობა გამოთქვა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაიწყებენ მუშაობას ორ ქვეყანას შორის, ზოგადი განათლების მიმართულებით თანამშრომლობის ხელშეკრულებაზე.

"ევროინტეგრაციის გზაზე უნგრეთი საქართველოს ურყევი მხარდამჭერია. დღეს ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან, განვიხილეთ ზოგადი განათლების განვითარების საკითხები, მათ შორის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების, სასკოლო სახელმძღვანელოებისა და ეროვნული სასწავლო გეგმის გაუმჯობესების, სისტემის დიგიტალიზაციისა და სხვა მიმართულებებით. შევთანხმდით, რომ ზოგადი განათლების მიმართულებით ორი ქვეყანა ერთმანეთთან მჭიდროდ ითანამშრომლებს", - შანდორ პინტერმა.

დღის ამბები