თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკორეალიზატორთა პროცესი მიმდინარეობს. დღეს ექვსი პირის სასამართლოა, სამი პროცესს ესწრება, სამი კი ძებნილია.
ნარკოტიკული საშუალებების ორგანიზებული გასაღებისთვის დაკავებულია ოცზე მეტი პირი, მათ შორის არიან საქართველოს, ბულგარეთის და თურქეთის მოქალაქეები.
ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული და ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის სქემა პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთობლივად გახსნეს.
ერთ-ერთი დაკავებულის, ასლან ფუტკარაძის ადვოკატის განცხადებით, ეცდება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით არცერთი სახე არ შეირჩეს, რადგან მისი თქმით, ბრალდებული სხვა დაკავებულებს მხოლოდ კონსულტაციას უწევდა.
"გამამტყუნებელი განაჩენისთვის დასაბუთებული ვარაუდი არ არის საკმარისი. რა თქმა უნდა, ვიშუამდგომლებ, რომ არც ერთი სახის აღმკვეთი ღონისძიების სახე არ შეირჩეს მის მიმართ გამომდინარე იქიდან, რომ ვარაუდის სტანდარტით არ არის საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის, რომ მის მიმართ გამოყენებული იქნეს აღმკვეთი ღონისძიების სახით დაპატიმრება. უბრალოდ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამ ადამიანებს უწევდა კონსულტაციას. ფულის გათეთრების ნაწილში კომენტარს ვერ გავაკეთებ გამომდინარე იქიდან, რომ გამოძიება მიმდინარეობს", - განაცხადა დარეჯან თორდიამ.