თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკორეალიზატორთა პროცესი მიმდინარეობს. დღეს პროცესზე 6 პირის საქმე განიხილება, აქედან სამი საქმის განხილვას ესწრება, სამი კი ძებნილია. მათ შორის არის ორი ადვოკატი და თურქეთის ერთი მოქალაქე. სამივე მათგანი დღეს სასამართლოზე იმყოფება. ძებნილებს შორის კი ერთი, უცხო ქვეყნის მოქალაქე, დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელია.
დაკავებული თურქეთის მოქალაქე მეჰმედ ჩითლაქი, ერთადერთია, ვინც სასამართლო სხდომაზე სიტყვით ისარგებლა. მან დაკავების დროს მის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო, არასათანადო მოპყრობის შესახებ ისაუბრა.
მეჰმედ ჩითლაქი არ აღიარებს წარდგენილ ბრალდებას და ამტკიცებს, რომ ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს.
"დამიჭირეს, დამაწვინეს თავით. დანარჩენი პოლიციელები ყველა კარგად მექცეოდა", - განაცხადა ბრალდებულმა.
ბრალდების მხარე აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. პროკურორმა სასამართლოს სიტყვით მიმართა და ისაუბრა როგორც საზღვარგარეთ ბრალდებულების კავშირზე, ასევე მიმალვისა და განმეორებითი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე.
"როგორც ასა ფუტკარაძეს, ასევე მანუჩარ ზოიძეს კავშირები აქვს საზღვარგარეთ ორგანიზებული ჯგუფების ხელმძღვანელებთან და არსებობს მათი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხე", - განაცხადა პროკურორმა.
დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერი ნარი კაჯაევა პროცესზე არ იმყოფება. მას, სავარაუდოდ, დანარჩენ ორ პირთან ერთად, რომელიც პროცესზე არ იმყოფება, ბრალს დაუსწრებლად წარუდგენენ.
ნარკოტიკული საშუალებების ორგანიზებული გასაღებისთვის დაკავებულია ოცზე მეტი პირი, მათ შორის არიან საქართველოს, ბულგარეთის და თურქეთის მოქალაქეები.