სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ციფრები, მთავრობის ეკონომიკური გუნდისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. მონაცემებმა აჩვენა, რომ საქართველოს ეკონომიკა მიმდინარე წლის 6 თვეში 7,6 პროცენტით გაიზარდა, მხოლოდ ივნისის თვეში კი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 7,7 პროცენტით განისაზღვრა.
მშენებლობა, ვაჭრობა, საფინანსო და სადაზღვევო სფერო – ეს ის ძირითადი სექტორებია, რამაც ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა განაპირობა. მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის მოცულობა. თითქმის სამჯერაა მომატებული მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი, ძირითადად ყაზახეთის, ყირგიზეთისა და სომხეთის მიმართულებით. საქსტატის მონაცემებით, ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, გზების, ხიდებისა და გვირაბების მშენებლობაა.
წელს, რეკორდულადაა გაზრდილი შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდანაც. 2023 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან 1 მილიარდ 804 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. გასულ წელთან შედარებით, ფიქსირდება თითქმის 58%-იანი ზრდა.
ექსპერტები, მთლიანი შიდა პროდუქტის და ტურიზმის მაჩვენებლის ზრდას, სწორი ეკონომიკური პოლიტიკით ხსნიან. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ქვეყანა 2023 წელს უფრო ხელშესახები შედეგით დახურავს.
სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, ეკონომიკური ზრდის ფონზე გარზდილია ახალი კომპანიებიდან მიღებული შემოსავლებიც. მხოლოდ ივნისში, ქვეყნის მასშტაბით 6 700-ზე მეტი ახალი საწარმო დარეგისტრირდა.