17 ივნისი 2024,   19:35
ვრცლად
მოწყვეტილი მყინვარი და მიწასთან გასწორებული კურორტი - რამდენი ცხედარია ნაპოვნი ამ დროისთვის და რამდენ ადამიანს ეძებენ მაშველები - ბოლო ცნობები შოვიდან

სტიქიური უბედურება, რომლის მსგავსიც საქართველოში ათეულობით წლებია არ მომხდარა - მიწა, ქვა- ღორღი, ხე-ტყე, ღვარცოფი - შოვი უზარმაზარი მასითაა დაფარული. კურორტი ფაქტობრივად აღარ არსებობს.

ამ დროისთვის, სტიქიის ზონაში ნაპოვნია 11 ცხედარი, დაკარგულად ითვლება და ეძებენ 25 ადამიანს, მათ შორის არიან ბავშვები. იმის გამო რომ შოვი მოწყვეტილია გარე სამყაროს, დაღუპულების გადმოსვენება ვერტმფრენით ხდება. ვერტმფრენებითვე მოხდა სტიქიის ზონიდან დღეს დილით, 200-ზე მეტი ადამიანის ევაკუირება.

შოვში ყველა ტურისტული ობიექტი განადგურებულია. წაღებულია გზები და 2 ხიდი. კურორტი 30 საათია გარე სამყაროს არის მოწყვეტილი.
მაშველებს, ჯარს, მოხალისეებს - რამდენიმე მეტრიან ტალახში უწევთ ადამიანების ძებნა.

ერთ-ერთი ვერსიით, კავკასიონზე მოწყვეტილია დიდი მყინვარი, რომელიც სწრაფად დაეშვა ფერდობზე და წალეკა ყველაფერი რაც გზაში შეხვდა. იმას, რაც შოვში მოხდა, გლაციალური ღვარცოფი ჰქვია. ასეთი რამ საქართველოს დევდორაკის ხეობაში უკვე უნახავს, თუმცა რაჭის გუშინდელი ტრაგედია და ჩამოსული მასა ბევრად მასშტაბურია. როგორც ამბობენ შოვი 3 მილიონი კუბური მეტრი მიწითაა დაფარული. მთელი ხეობა ღვარცოფითაა სავსე. კოტეჯები კი, სადაც ადამიანები ისვენებდნენ აღარ არსებობს.

 

დღის ამბები