19 სექტემბერი 2024,   19:23
ვრცლად
სამძებრო სამუშაოების მხარდაჭერას აქტიურად ვაგრძელებთ, მზად ვართ ნებისმიერ ამოცანაზე აქტიურად დავუჭიროთ მხარი შსს-ს სამაშველო სამსახურს - კობა გრიგოლია

ბრიგადის გენერლის, თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლის კობა გრიგოლიას განცხადებით, ადგილზე მობილიზებულია ყველანაირი საინჟინრო ტექნიკა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მზად არიან აქტიურად დაუჭირონ მხარი შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურს.

მისი თქმით, თავდაცვის ძალები აქტიურად აგრძელებენ სამძებრო სამუშაოების მხარდაჭერას და დღეს ისინი ორ ლოკაციაზე იქნებიან გადანაწილებულები.

"თავდაცვის ძალების სახელით კიდევ ერთხელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს. რაც შეეხება სამძებრო სამუშაოების მხარდაჭერას, აქტიურად ვაგრძელებთ. გუშინ ვიმყოფებოდით ორ ლოკაციაზე, დღევანდელი გეგმის მიხედვით, ასევე ორ ლოკაციაზე უნდა გავნაწილდეთ. საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება გადავნაწილდეთ დამატებით ლოკაციაზე. ყველანაირი რესურსი მობილიზებულია, ადგილზეა ყველანაირი საინჟინრო ტექნიკა, მზად ვართ ნებისმიერ ამოცანაზე აქტიურად დავუჭიროთ მხარი შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურს", - განაცხადა ბრიგადის გენერალმა,თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალმა კობა გრიგოლიამ.

ადგილზე იმყოფებიან მოხალისეები, რომლებიც სამუშაოების საწარმოებლად საჭირო ინვენტარითა და პროდუქტებით ამარაგებენ როგორც მაშველებს ასევე ადგილობრივ მოსახლეობას.

"სხვადასხვა კომპანიამ გადმოგვცა სხვადასხვა ინვენტარი, აგროვდა თანხა, შევიძინეთ სხვადასხვა ინვენტარი, წამოვედით ორგანიზებულად, - განაცხადა მოხალისემ.

მოხალისეები იმყოფებიან გლოლასთანაც, რომლებიც ადგილობრივებს პროდუქტებითა და შესაბამისი მედიკამენტებით ამარაგებენ.

"ჩვენ უკვე მეორე დღეა ვიმყოფებით გლოლასთან, შეგროვებული გვაქვს ყველა ის საჭირო ინვენტარი თუ მედიკამენტი, რომელიც პირველ რიგში სჭირდება ადგილობრივ მოსახლეობას. ახლა უკვე მეორე პარტია ჩამოვიდა, აგვაქვს მოხალისეებს და ვაპირებთ დავურიგოთ ადგილობრივ მოსახლეობას", - განაცხადა მოხალისემ.

დღის ამბები