"ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებით, სტიქია იყო სპონტანური და მისი პროგნოზირება შეუძლებელი იყო. ირაკლი კობახიძის თქმით, კონკრეტულად შოვის ტერიტორიაზე წყლის მონიტორინგი ხორციელდებოდა და დღეების განმავლობაში, გარდა სტიქიის რამდენიმე წუთისა, არ დაფიქსირებულება წყლის კლება ან მატება.
"მონიტორინგის სისტემა დამონტაჟებულია ქვეყნის მასშტაბით უამრავ ადგილზე, მათ შორის რაჭაში არის 20 ასეთი შესაბამისი აპარატურა დამონტაჟებული.
რაც შეეხება კონკრეტულად შოვის ტერიტორიას, იქ წყლის მონიტორინგი ხორციელდებოდა და კიდევ ერთხელ შეგვიძლია გავიმეოროთ, რომ დღეების განმავლობაში, გარდა იმ რამდენიმე წუთისა, რომელიც უკავშირდებოდა თვითონ სტიქიას, არც ერთი წუთით არ დაფიქსირებულა წყლის დონის ან მატება ან კლება, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო სტიქიის პროგნოზირების საფუძველი.
რეალურად სტიქია იყო სპონტანური და შესაბამისად, მისი პროგნოზირება, ჩემი ინფორმაციით, იყო შეუძლებელი," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, მაშველების მიერ ამ დროისთვის 19 ცხედარია ნაპოვნი. სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება.