07 ოქტომბერი 2024,   00:36
ვრცლად
ოკუპანტებმა მშვიდობიანი მოქალაქეების საცხოვრებელი სახლები დაბომბეს ნიკოპოლსა და კუპიანსკში - დაშავებულია 20-მდე ადამიანი

ჩერნიჰივში გლოვაა - მიზეზი ისევ რუსეთის თავდასხმა. ერთმორწმუნე რუსეთის დაბომბვას მართლმადიდებლურ დღესასწაულზე 7 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 6 წლის სოფია. დაჭრილი მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობა 156-მდე გაიზარდა. დაშავებულებს შორის 15 ბავშვია.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ჩერნიჰივზე ბალისტიკური რაკეტით მიტანილი იერიშის შედეგად დაშავებულთა შორის 15 პოლიციელია. რუსეთმა დარტყმა დრამატულ თეატრზე განახორციელა.

მსოფლიო ლიდერებმა რუსეთის ქმედება დაგმეს. უკრაინის პრეზიდენტმა კი პირობა დადო, რომ რუსეთის ქმედება უპასუხოდ არ დარჩება.

ჩერნიჰივი გამონაკლისი არ არის. ოკუპანტებმა მშვიდობიანი მოქალაქეების საცხოვრებელი სახლები დაბომბეს ნიკოპოლსა და კუპიანსკშიც. დაშავებულია 20-მდე ადამიანი.

უკრაინა რუსეთს ფრონტზე პასუხობს. გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროები განაგრძობენ შეტევით ოპერაციებს მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით და წარმატებული წინსვლაც აქვთ. რუსულმა ძალებმა კი, ბოლო 24 საათში წარუმატებელი შეტევა განახორციელეს ბახმუტთან, მარინკასა და ახლახან დეოკუპირებულ სოფელ უროჟაინოესთან. უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და რუსეთის არმიას შორის, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 32 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, დიდია რუსული მხარის დანაკარგი. უწყების ცნობით, ომის 543 დღის განმავლობაში, ფრონტზე მოკლულია დაახლოებით 257 470 ოკუპანტი და განადგურებულია 4 346 ტანკი.

რუსეთის სამხედრო დანაკლისის პარალელურად, იზრდება უკრაინის შეიარაღება. ნიდერლანდებში ჩასულმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა დამატებით 42 ერთეულ F-16 თვითმფრინავს მიიღებს. ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას ამერიკაც განაგრძობს.

დღის ამბები