17 ივნისი 2024,   18:08
ვრცლად
სტიქიიდან 20 დღის შემდეგ, მაშველები კიდევ 4 დაკარგულს ეძებენ

მაშველებმა სტიქიის ეპიცენტრში დღეს 29-ე ცხედარი იპოვეს. დაღუპული იმ ადგილას აღმოაჩინეს, რომელიც ამ დრომდე საეჭვო ლოკაციად ითვლებოდა და ვარაუდობდნენ, რომ ღვარცოფის ჩამოსვლამდე იქ დამსვენებლები იმყოფებოდნენ.

სამძებრო სამუშაოები გრძელდება ყველგან, სადაც შესაძლოა დაკარგული ადამიანები იპოვონ. მეხანძრე-მაშველები, სპეცტექნიკასთან და მცურავ საშუალებებთან ერთად, მდინარეების - რიონისა და ჭანჭახის კალაპოტებში არიან გადანაწილებული. სამძებრო პროცესი 19 დღეა გრძელდება და არეალი უკვე 60 კილომეტრს აღწევს.

სამძებრო და სალიკვიდაციო სამუშაოების პარალელურად, რაჭაში , სტიქიის დროს დაღუპულებს გლოვობენ. სოფელ ლაგვანთაში დღეს ნიკოლოზ ჩალაძე, დიტო ფირცხალავა და თემურ ჩარკვიანი უკანასკნელ გზაზე გააცილეს. სამი ახალგაზრდა 3 აგვისტოს ე.წ კოტეჯების ტერიტორიაზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.

4 დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ. უახლოეს დღეებში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი სამი ცხედრის დნმ ანალიზის პასუხები გაირკვევა.

3 აგვისტოს კურორტ შოვში მომხდარ სტიქიაზე, გამოძიება მიმდინარეობს. სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობდა და სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა - საქმე ორი მუხლით არის აღძრული.

დღის ამბები