საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა მონაწილეობა მიიღეს რიგით მე-8 ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმში, რომელიც პერუში, ქ.ლიმაში გაიმართა.
ფორუმის ფარგლებში, სადაც 40-მდე ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენელი მონაწილეობდა, განიხილეს მსოფლიოს მასშტაბით ენერგეტიკაში არსებული გამოწვევები და იმსჯელეს მათი გადაჭრის გზებზე. ფორუმზე სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა წარადგინა პრეზენტაცია 2026 წელს საქართველოში დაგეგმილი მსოფლიო ენერგეტიკული ფორუმის შესახებ, რომელსაც სემეკი უმასპინძლებს.
2026 წელს, ქ. თბილისს ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმის ფარგლებში 1000-ზე მეტი მაღალი რანგის დელეგატი ეწვევა. კერძოდ, რიგით მეცხრე მსოფლიო ენერგეტიკულ ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ევროპისა და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, ენერგეტიკული გაერთიანების, ასოციაციების წევრი ქვეყნები, სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკული და დონორი ორგანიზაციების პირველი პირები. ფორუმზე იმსჯელებენ მსოფლიო მასშტაბით ენერგეტიკის სექტორში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე, საინვესტიციო საკითხებსა და განახლებადი ენერგიების როლზე მდგრადი ენერგეტიკის განვითარებაში. ფორუმზე ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალი და საინვესტიციო გარემო.