ბათუმის ბულვარში საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირი "3X3" კალათბურთში მიმდინარეობს.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, სპორტული ღონისძიება საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების გუნდებს შორის ტარდება, მათ შორის მონაწილეობს დაჭრილ-დაშავებული სამხედროების გუნდი.
უწყების განმარტებით, თავდაპირველად ტურნირში 26 გუნდი ასპარეზობდა, მათგან ფინალურ შეხვედრებში დაპირისპირება კი, 10 გუნდს მოუწევს. როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, გამარჯვებული გუნდი გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალ თასს მიიღებს, ხოლო საპრიზო ადგილების მფლობელები შესაბამისი მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან.