20 სექტემბერი 2024,   03:57
ვრცლად
რთველის დროს დასეტყვილი ვენახები და ნახევრად განადგურებული მოსავალი - ადგილობრივებმა პრემიერისგან პირობა მიიღეს, რომ ღვინის საწარმოები დასეტყვილ ყურძენს ჩაიბარებენ

რთველის დროს დასეტყვილი ვენახები და ნახევრად განადგურებული მოსავალი - კახეთის 5 მუნიციპალიტეტში სტიქიამ 4 000 ჰექტრამდე ფართობი გაანადგურა. 15 სოფლის მოსახლეობა, რომლებისთვისაც ყურძენი შემოსავლის ერთადერთი წყაროა, სახელმწიფო სუბსიდირების იმედად დარჩა.

ფერმერებმა დღეს, უშუალოდ პრემიერ-მინისტრისგან მოისმინეს იმ დახმარების შესახებ, რასაც სახელმწიფო სტიქიის შედეგად დაზარალებულ მევენახეებს სთავაზობს. ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სახელმწიფოს ყველა რესურსი მობილიზებული აქვს და არცერთი მტევანი ჩაუბარებელი არ დარჩება. პრემიერმა დღევანდელი მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარება და ზოგადად ვაზის კულტურა 10 წლის წინანდელ პერიოდს შეადარა და კონკრეტული შედეგებიც წარადგინა.

სახელმწიფო მზადაა ფერმერებს დაეხმაროს, თუმცა აქვე ახსენებს მათ, რომ აუცილებელია აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართვა. მთავრობის სხდომაზე პრემიერმა მევენახეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, სოფლის მეურნეობის პროგრამებით ისარგებლონ.

ყურძნის კრეფისა და ჩაბარების პროცესს ადგილზე მონიტორინგს ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები უწევენ. საჭიროების შემთხვევაში, ღვინის ეროვნული სააგენტო, იმ პუნქტების რაოდენობას გაზრდის, სადაც დასეტყვილი მოსავლის ჩაბარება იქნება შესაძლებელი.

აუცილებელი აგროდაზღვევის პროგრამის დადებითი შედეგები მანამდე, პრემიერმა ფერმერებს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე შეახსენა. ირაკლი ღარიბაშვილმა მევენახეობის განვითარების ეკონომიკურ პოლიტიკაზეც ისაუბრა და ამ მიმართულებით მთავრობის თანადაფინანსების წილზე გაამახვილა ყურადღება.

ამ დროისთვის, კახეთში თეთრი ყურძნის ფასი კილოგრამზე 90 თეთრია, რთველის საკოორდინაციო შტაბში იმედოვნებენ, რომ მიუხედავად უამინდობისა, კახეთში ყურძნის დიდ მოსავალს აიღებენ. შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება.

სტიქიამ ვენახების გარდა, კახეთის რეგიონში ათობით სახლი სახურავის გარეშე დატოვა. მოსახლეობას მიყენებულ ინფრასტრუქტურულ ზარალს, ადგილობრივი ხელისუფლება აუნაზღაურებს. ზიანის ზუსტი ოდენობა ჯერ უცნობია.

 

 

დღის ამბები