06 ოქტომბერი 2024,   23:24
ვრცლად
"წამოვიდა მეწყერი და დამარხა სახლი მთლიანად, 6 მეტრის სიმაღლის 2 სართულიანი სახლი" - გურიაში სტიქიის შედეგად 10-ზე მეტი სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილია

სტიქიას გურიაში ორი ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიის ზონაში სამაშველო-სამძებრო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ, მაშველებმა ოზურგეთის რაიონის სოფელ სილაურში 82 წლის ქალის ცხედარი იპოვეს. ის მეწყრული პროცესის განვითარების მომენტში საკუთარ საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ისე სწრაფად განვითარდა მეწყრული პროცესი, რომ ქალმა ვერ მოასწრო სახლის დატოვება.

"წამოვიდა მეწყერი და დამარხა სახლი მთლიანად, 6 მეტრის სიმაღლის 2 სართულიანი სახლი," - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

"დაიფარა მთლიანად, არ ჩანს, მარტო სახურავია გასწორებული და ზემოდან არის წამოსული მეწყერი. იმხელა მეწყერი ყოფილა წამოსული, 20 მეტრის სიმაღლის ღრმულია გაჩენილი,"- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ოზურგეთის გარდა, უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტშიც. ადგილობრივების ინფორმაციით, 10-ზე მეტი სოფელი მოწყვეტილია გარესამყაროს და ვერ ხერხდება სატრანსპორტო გადაადგილება. ადგილობრივები ამბობენ, რომ არ ახსოვთ გურიის რეგიონში მსგავსი დოზით ნალექის მოსვლა. მათივე თქმით, 10-ზე მეტი საცხოვრებელი სახლია დანგრეული. მოსახლეობის დიდი ნაწილი დაიტბორა, განადგურდა საყოფაცხოვრებო ნივთები.

შეზღუდვაა საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ორ მონაკვეთზე - გრიგოლეთი-ლანჩხუთი-სამტრედიის მონაკვეთსა და მამათი-ძიმითის მონაკვეთზე. ამ დროისთვის, ამ ლოკაციებზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ტრანსპორტი გადაადგილდება ალტერნატიული შემოვლითი გზით - სარფი-ფოთი-სენაკის საავტომობილო გზით.

რამდენიმე საათის წინ კი 11 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს ოზურგეთის სხვა სოფელში, კერძოდ, სოფელ ჯუმათში. კიდევ ერთი ცხედარი, 82 წლის ქალი სოფელ სოფელ სილაურში იპოვნეს. 

დღის ამბები