07 ოქტომბერი 2024,   00:27
ვრცლად
სტიქიის მესამე დღე გურიაში - სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

სტიქიის მესამე დღე გურიაში - სამი გარდაცვლილი და გარე სამყაროს მოწყვეტილი სოფლები. სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. მიმდინარეობს ცენტრალური გზების გაწმენდითი სამუშაოები და წყლის მიწოდება უკვე აღდგენილია.

მეწყრული პროცესი ლანჩხუთისა და ოზურგეთის თითქმის ყველა სოფელში განვითარდა. ადიდებულმა მდინარეებმა, ცენტრალურ გზასთან დამაკავშირებელი შიდა გზები ჩახერგა. ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია რამდენიმე სოფელს. 1000-ზე მეტ აბონენტს არ მიეწოდება გაზიც.

პრობლემებია შიდა სასოფლო გზებზე. ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია რამდენიმე მიმართულებით.

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მერაბ გამყრელიძის განცხადებით, ამ დროისათვის ყველაზე ცხელ წერტილად სოფელი ჩოჩხათი ითვლება.

"ყველაზე დიდი პრობლემა გვაქვს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ოზურგეთი ძირითადად გაწმენდილია. ჩოჩხათის სოფელი გვაქვს პრობლემა, მამათი გვაქვს პრობლემა სადაც ტექნიკა გუშინაც მუშაობდა და ერთი მონაკვეთი გაიწმინდა და დღეს დილიდან, მეორე მონაკვეთის გაწმენდა დაიწყო. ადგილზე "ენერგო პრო" და სატყეო მუშაობს ერთად, რომ ელექტროენერგიის აღდგენა მოხდეს, რადგან აბონენტების ყველაზე დიდი რაოდენობა მანდ არის გათიშული. ყველაზე ცხელ წერტილად შეიძლება ჩავთვალოთ ჩოჩხათი. ამ ეტაპზე მიდის ცენტრალური გზების გაწმენდა, რათა შემდგომ შევიდეთ შიდა გზებზე. დღეს რამდენიმე ერთეული მძიმე ტექნიკა დაემატა, გუშინდელი თათბირის შემდეგ გადაწყდა ცალკე მიმართულებების დამატება, სადაც სწრაფად უნდა მოხდეს მეწყრის შედეგების ლოკალიზება. ვფიქრობთ, რომ დღეს საღამოსთვის, ძალიან ბევრი ლოკაცია გაწმენდილი იქნება და მოძრაობა შესაძლებელი იქნება, რის შემდეგაც დავიწყებთ ხიდებზე მუშაობას", - განაცხადა მერაბ გამყრელიძემ. 

დღის ამბები