მიმდინარე წლის, თითქმის 22 მილიარდიანი ბიუჯეტი, 500 მილიონი ლარით იზრდება. გადაწყვეტილებაზე, პრემიერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მობილიზებული თანხა, ხელფასების ზრდას, პროექტების დაფინანსებას, ჯანდაცვის, განათლებისა და ეკონომიკის მიმართულებებს მოხმარდება. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში, ბიუჯეტის კორექტირება, სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.
გაზრდილი ბიუჯეტის პარამეტრებზე საუბრობენ მთავრობის ეკონომიკურ გუნდში. ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6,5 %-მდე იზრდება. დაგეგმილია ახალი პროექტების განხორციელება და მიმდინარე პროგრამების დაფინანსება.
საბიუჯეტო კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით, დეპუტატები მუშაობას უკვე იწყებენ. მთავრობის მხრიდან, თანხების სწორად გადანაწილებაზე საუბრობენ უმრავლესობის წევრები. ოპოზიციის ნაწილი კი ამბობს, რომ ბიუჯეტის ზრდა პოზიტიური ნაბიჯია, თუმცა ხარჯებთან დაკავშირებით კითხვები არსებობს.
ბიუჯეტის ზრდის ფონზე, მცირდება მთავრობის ვალიც. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ შემცირებულია ბიუჯეტის დეფიციტი, სახელმწიფო რეზერვები კი, ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს.
2023 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის კორექტირებული ვარიანტი, კანონმდებლებს მიმდინარე თვეში გადაეგზავნება. თვის ბოლოს კი, მთავრობა დეპუტატებს, 2024 წლის ბიუჯეტის პირველ ვერსიასაც წარუდგენს.