მამაკაცი, რომელმაც არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ყოფილი მეუღლე და ყოფილი სიდედრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, შსს-ს მოქმედი თანამშრომელია. მან, მოგვიანებით, თვითმკვლელობა სცადა.თავდამსხმელი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.
"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედმა თანამშრომელმა მისი ყოფილი მეუღლის და სიდედრის მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა გასროლა, რის შემდეგაც თავის არეში მიიყენა თვითდაზიანება. იგი ამჟამად გადაყვანილია კლინიკაში.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობას. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილას იმყოფებოდნენ გარდაცვლილის არასრულწლოვანი შვილები და ასევე ერთ-ერთი პირი შეესწრო მომხდარ ფაქტს", - განაცხადა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს უფროსმა ბაჩანა კვარაცხელიამ.
შემთხვევა გვიან ღამით თბილისში დოლიძის ქუჩაზე მოხდა.