"ეროვნული ბანკი და საფინანსო სისტემა პირველივე დღიდან ასრულებდა და კვლავაც აღასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს" - ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ეს განმარტება, სანქციების აღსრულების წესში შეტანილ ცვლილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეს საფინანსო სისტემაში სანქცია მას შემდეგ შეეხება, როდესაც ქართული სასამართლო მის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. ნათია თურნავამ დღეს ცვლილების მიღების აუცილებლობაც განმარტა. მისი თქმით, სიახლე საქართველოს მოქალაქის დასანქცირებას მოჰყვა, რაც პრეცედენტული ფაქტია და აქამდე არსებული რეგულაციებისგან განსხვავებით, კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში არ მოდის.
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას მალევე სების საბჭოს სამი წევრის გადადგომა მოჰყვა. არჩილ მესტვირიშვილი, პაპუნა ლეჟავა და ნიკოლოზ გაგუა - ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდნენ. მათ წასვლის მიზეზზე ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებიათ. მედიასთან საუბარი თანამდებობიდან წასვლის მოტივზე არ ისურვა გიორგი ბაქრაძემაც, რომელიც პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობას წლები იკავებდა.
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების პარალელურად, შეცვლილი წესის გამოქვეყნების შემდეგ, ერთმანეთის მიყოლებით გავრცელდა საქართველოს საფინანსო სისტემის ფლაგმანი მოთამაშეების განცხადებები. "თბს", "საქართველო", "ბაზის ბანკი", "ლიბერთი" - ეს იმ ბანკების არასრული სიაა, რომლებმაც ან თქვეს რომ საერთაშორისო სანქციების აღსრულების ძველი წესის მიხედვით იმოქმედებენ, ან განმარტეს, რომ ოთარ ფარცხალაძეს მათთან არანაირი ფინანსური ანგარიში არ გააჩნია.
კომერციული ბანკებისა და ვიცე-პრეზიდენტების გადაწყვეტილებას, ნათია თურნავაც გამოეხმაურა. ქვეყნის მთავარი საფინანსო ინსტიტუტის პირველმა პირმა განმარტა, რომ ბანკებს, მარეგულირებლის გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარის თქმა კანონით არ შეუძლიათ. თუმცა თურნავამ თქვა ისიც, რომ კომერციული საიდუმლოებიდან გამომდინარე, საზოგადოება ვერ მიიღებს ინფორმაციას ფლობდა თუ არა რომელიმე მათგანში დივიდენტებს დასანქცირებული პირი. რაც შეეხება მოადგილეებს, მოქმედ პრეზიდენტს მათი გადაწყვეტილების მიზეზებზე ინფორმაცია არ აქვს.
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლის ნორმებთან შეუსაბამობაში არ მოდის - ასეთია ეკონომისტებისა და ფინანსისტების განმარტება. ანალიტიკოსების თქმით, შეუძლებელია საქართველოს მოქალაქეების მიმართ სანქციების აღსრულების წესში ცვლილებამ საბანკო სექტორს პრობლემები შეუქმნას.
სანქციების აღსრულების წესში ცვლილება, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით გუშინ შევიდა. დღეიდან, საქართველოს მოქალაქეს საერთაშორისო ყადაღა მას შემდეგ შეეხება, როდესაც ქართული მართლმსაჯულება დამნაშავედ ცნობს.