19 სექტემბერი 2024,   20:28
ვრცლად
330 000 ლარის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელია მხილებული

სახელმწიფოს კუთვნილი 330 ათასი ლარის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელია მხილებული.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისინფორმაციით, საერთო ჯამში კანონდარღვევისთვის სისხლის სამართლებრივი საქმე აღძრულია 4 პირის მიმართ.

მათ თანხის მითვისებასთან ერთად ყალბი დოკუმენტების დამზადებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ.

"გამოძიებით დადგინდა, რომ სახელმწიფო უწყების დაკვეთით, ტენდერში გამარჯვების შედეგად, ბრალდებულის მმართველობის ქვეშ მყოფ კომპანიას უნდა უზრუნველეყო სამეგრელოს რეგიონის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება. 2021-2022 წლების პერიოდში, ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შეადგინა შესრულებული სამუშაოების ამსახველი ყალბი აქტები ე.წ. ფორმა N2-ები, რომლებშიც გაზრდილი იქნა შესრულებული სამუშაოების მოცულობები, რა გზითაც იგი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ჯამში 330 097 ლარს.

გამოძიების პროცესში ასევე დადგინდა, რომ სამუშაოების შესრულების ხარისხსა და მოცულობაზე კონტროლის მიზნით, დამკვეთმა დაიქირავა სპეციალისტები, რომლებმაც თავის მხრივ, არ განახორციელეს შესაბამისი რეაგირება კონტრაქტორი კომპანიის მხრიდან არსებულ დარღვევებზე, რითაც მას საშუალება მიეცა უკანონოდ დაუფლებოდა სახელმწიფო თანხებს", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 180-ე, 182-ე, 220-ე და 332-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

დღის ამბები