ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის არმია აგრძელებს შეტევას ჰამასის წინააღმდეგ ისეთი ძალებით, როგორიც არასდროს ყოფილა.
"ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, ვინ იყო ჰამასი. ახლა დანარჩენმა მსოფლიომ იცის. ჰამასი არის ISIS და ჩვენ გავიმარჯვებთ მათ წინააღმდეგ, როგორც თანამედროვე სამყარომ გაიმარჯვა ISIS-ზე," - განაცხადა ნეთანიაჰუმ სატელევიზიო გამოსვლისას, რომლითაც ისრაელის საზოგადოებას მიმართა.
"მტერს ომი სურდა და ეს არის ის, რასაც ისინი მიიღებენ," - აღნიშნა ისრაელის პრემიერმა. ამასთან, ნეთანიაჰუმ მადლობა გადაუხადა აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს და მსოფლიოს სხვა ლიდერებს მხარდაჭერისთვის.
"მე მუდმივ კონტაქტზე ვარ პრეზიდენტ ბაიდენთან და მსურს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო მას ისრაელის ყველა მოქალაქის სახელით აშშ-ის ერთგულებისთვის სიტყვებით და საქმით ისრაელის უსაფრთხოებისთვის. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო მსოფლიოს ბევრ ლიდერს ისრაელისადმი უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის," - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავის გამოსვლაში.