16 სექტემბერი 2024,   23:23
ვრცლად
იტალიური მაფიის ბოსი დაკავებულია - რა კავშირშია იტალიაში ამოღებული 800 მილიონი ევროს ღირებულების კოკაინი საქართველოსთან

მასშტაბური ნარკოტრეფიკი, მკვლელობები, ორგანიზებული თაღლითობა და დიდი ოდენობით ფულის გათეთრება - ეს იმ დანაშაულების არასრული ჩამონათვალია, რომელიც კრიმინალურ ორგანიზაცია "ნგრადენტას" სახელს უკავშირდება. ყველაზე გავლენიანი იტალიური მაფიის ლიდერი, "კურიერის" ექსკლუზიური ინფორმაციით, თბილისში, სპეცოპერაციით აიყვანეს.

67 წლის ჯუზეპე სგანგა ახლა საექსტრადიციო პატიმრობაშია. სავარაუდოდ, კრიმინალური წარსულის დაფარვის მიზნით, იტალიელი მაფიოზი თბილისში კონსპირაციულად გადაადგილდებოდა. უცნობია, როდის ჩამოვიდა ის საქართველოში, თუმცა მისი დაკავება წინ უსწრებდა იტალიაში გახმაურებული ნარკოტრეფიკის გამოვლენას.

ბანანის ყუთებში დამალული 800 მილიონი ევროს ღირებულების კოკაინი იტალიის პოლიციამ აღმოაჩინა. მედიის ცნობით, დიდი ოდენობით ნარკოტიკები ჯერ ბათუმის პორტში, შემდეგ კი სომხეთში უნდა შესულიყო. მაფიის ეს მრავალმილიონიანი გეგმა ჩაიშალა. ნარკოტიკების ტრანზიტის უკან კი ოფიციალურად დასახელდა ორგანიზაცია "ნგრადენტა," რომლის ერთ-ერთი ბოსი თბილისში დააკავეს. სწორედ ნარკოტიკების კონტრაბანდაა ერთ-ერთი ის ბრალდება, რომელიც ჯუზეპე სგანგას აქვს წარდგენილი.

თავად ორგანიზაცია "ნგრადენტას" იტალიელი სამართალდამცველები განიხილავენ, როგორც სიცილიური "კოზა ნოსტრას" და ნეაპოლური "კამორას" მემკვიდრეს. CNN-ის ინფორმაციით, საერთაშორისო კრიმინალური სინდიკატის ფინანსური ბრუნვა 2013 წელს 44 მილიარდამდე გაიზარდა. ეს ორგანიზაცია თითქმის სრულად აკონტროლებს ევროპაში შესული კოკაინის 80%-ს.

ჯუზეპე სგანგას დაკავების შესახებ, "კურიერის" ექსკლუზიური ინფორმაცია დღეს გენერალურმა პროკურორმა პირადად დაადასტურა. ირაკლი შოთაძე ამბობს, რომ იტალიელი მაფიოზი სხვადასხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მონაწილეა.

საქართველოში გავლენიანი მაფიოზის დაკავება, სავარაუდოდ, იმ საერთაშორისო ოპერაციის ნაწილია, რომელიც, ერთდროულად, რამდენიმე ქვეყანაში ჩატარდა. თბილისში ჯუზეპე სგანგას დაპატიმრება დროში ემთხვევა ინტერპოლისა და ევროჯასტის ორგანიზებით იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და ბელგიაში ჩატარებულ სპეცოპერაციებს. საპოლიციო ღონისძიების ფარგლებში დააპატიმრეს "ნგრადენტას" დაჯგუფების არაერთი ლიდერი. მათ შორის, საფრანგეთში 17-წლიანი ძებნის შემდეგ დააკავეს მაფიის ერთ-ერთი ბოსი ედგარდო გრეკო, რომელსაც იტალიაში გახმაურებული მკვლელობებისთვის სამუდამო პატიმრობა დაუსწრებლად ჰქონდა მისჯილი. ის პოლიციამ ერთ-ერთ პიცერიაში იპოვა, სადაც, ბოლო სამი წელი, კრიმინალური საქმიანობის შენიღბვის მიზნით მუშაობდა.

საქართველოში დაკავებულ მაფიოზს იტალიაში, დაუსწრებლად, 11-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. იტალიური მხარისთვის ძებნილი პირის გადაცემას საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა.

დღის ამბები