18 ოქტომბერი 2024,   09:23
ვრცლად
რატომ დატოვა ვანო მერაბიშვილმა ქვეყანა და აქვს თუ არა მას კავშირი როინ შავაძის მკვლელობის საქმესთან - "კურიერი P.S.-მა" ექსკლუზიურად მოიპოვა ერთ-ერთი სპეცრაზმელის აღიარებითი ჩვენება

გლდანის ციხის შეხვედრების ოთახი, 2023 წლის 19 სექტემბერი - სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობიდან 15 წლის შემდეგ პირველად, ლიკვიდაციაში მონაწილე სპეცრაზმელი აღიარებით ჩვენებას აძლევს. "კურიერი P.S.-მა" ციხის ფარული ჩანაწერი მოიპოვა, რომელშიც სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობაში ბრალდებული 2008 წლის 16 აგვისტოს ჩატარებულ სპეცოპერაციას აღწერს და სავარაუდო დამკვეთებად ყოფილ მაღალჩინოსნებს ასახელებს.

"პატარიძესაც არ უნდოდა ამის გაკეთება როგორც ჩანს. რეალურად იმ ჭიშკართან [აჭარის კუდ-ის შენობასთან] მიიღო ბრძანება. შეიძლება ახალაიას ესაუბრა, შეიძლება ვანოს ესაუბრა," - ისმის ჩანაწერში.

ბექა ბასილაია - ადვოკატი, რომელიც წლების განმავლობაში ვანო მერაბიშვილის ინტერესებს იცავდა, იცავდა სპეცრაზმელებსაც, რომლებმაც სულ ცოტა ხნის წინ, ყოფილი მინისტრის შესაძლო ბრალეულობაზე ჩვენება მისცეს. ამ მოტივით, ბასილაია დაკავებულების საქმეს ჩამოაშორეს.

იმას, რომ ვანო მერაბიშვილმა საქართველო რამდენიმე თვის წინ დატოვა, ადასტურებს პროკურორი. 2023 წლის 28 ივლისს შავაძის საქმეზე პროკურატურამ 10 ადამიანს ბრალი წარუდგინა, "კურიერი P.S.-მა" გაარკვია, რომ ყოფილმა მინისტრმა ქვეყანა პროკურატურის ბრიფინგიდან ზუსტად 2 დღეში დატოვა.

უცნობია უკავშირდება თუ არა მერაბიშვილს წასვლა როინ შავაძის მკვლელობის საქმეს, მაგრამ ცნობილია, რომ მტკიცებულებებში, მისი გვარი, ძებნილ დათა ახალაიასთან ერთად ფიგურირებს.

თავდაცვის სამინისტროს მეხუთე ბრიგადის სერჟანტი 2008 წლის 16 აგვისტოს სოფელ ქაქუთში ჩაცხრილეს. სპეცოპერაციას აჭარის კუდის ყოფილი უფროსი, ახლა უკვე ძებნილი თემურ პატარიძე ხელმძღვანელობდა. შემთხვევის ადგილზე, სერჟანტის მკვლელობიდან რამდენიმე წუთში გადაღებულ კადრში ჩანს დაცხრილული ცხედარი და სპეცრაზმელების გაჩერებული კოლონა, რომელსაც სათავეში თემურ პატარიძის ავტომობილი უდგას.

ვიდეოაღიარებაში ერთ-ერთი სპეცრაზმელი ქაქუთში სპეცოპერაციის დეტალებს იხსენებს.

"პატარიძემ თქვა ახსენით ბორკილებიო, კი ბატონო, ბრძანა და ავხსენით ბორკილები. ვიტყვი ყველაფერსო, ასე უთხრა [შავაძემ], რას იტყვიო ბიჭო, შენი დედა მ....ო, გაიქეცი ჩქარაო, ამან დაიწყო ნაძვებისკენ მოძრაობა და პატარიძემ მოგვცა ბრძანება, რომ გახსენით ცეცხლიო. ცეცხლი გაიხსნა, მაგრამ ზოგის მოხვდა, ზოგის არ მოხვდა. ჩვენ გაგვსვარეს სიტუაციაში, მიგვიწებეს. ჩვენ ბოლო მომენტამდე, ქაქუთამდე განზრახ არ გვიქნია. ბრძანება კი მოგვცა, მაგრამ უკანონო ბრძანების შესრულებაა ეს. არ მინდოდა, რომ სასიკვდილოდ გამეწირა," - ისმის ვიდეოჩანაწერში.

შავაძის დაკავება და ლიკვიდაცია მაშინდელმა გამოძიებამ ასე ახსნა - თითქოს სერჟანტი ნარკოდამნაშავე იყო და ამ მიზნით აიყვანეს, ბადრაგირებისას კი მან სპეცრაზმელისთვის იარაღის წართმევა და გაქცევა მოახერხა, რის შემდეგაც ცეცხლი გაუხსნეს. ამ ვერსიას პროკურატურა ყალბს უწოდებს. ისევე, როგორც 2008 წელს საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ როინ შავაძე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა.

ამ დრომდე სპეცოპერაციის მონაწილეები ბრალს უარყოფდნენ, თუმცა პროკურატურამ ამ ეტაპზე, განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 3 სპეცრაზმელის და ერთი გამომძიებლის აღიარებითი ჩვენება მოიპოვა.

მკვლელობის ბრძანების გამცემების და სხვა დამნაშავეების დასადგენად პროკურატურა გამოძიებას აგრძელებს. ვინ იქნება შემდეგი, ამას სავარაუდოდ უახლოეს მომავალში გავიგებთ. უკვე ბრალდებულების ნაწილმა კი, შესაძლოა, ბედი ნაფიც მსაჯულებს მიანდონ.

სერჟანტ შავაძის მკვლელობის საქმეზე ხელახალი გამოძიება 2020 წელს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაიწყო. ევროსასამართლომ დაადგინა, რომ დარღვეულია ევროკონვენციით დაცული სიცოცხლის უფლება.

 

დღის ამბები