18 ოქტომბერი 2024,   09:19
ვრცლად
"საქართველოსთან პარტნიორობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია - მზად ვართ, ერთად ვიმუშაოთ საქართველოს ამბიციური რეფორმების პროგრამის მხარდასაჭერად" - NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე

მზად ვართ, ერთად ვიმუშაოთ საქართველოს ამბიციური რეფორმების პროგრამის მხარდასაჭერად, - ამის შესახებ ადმირალმა, NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, რობ ბაუერმა სამხედრო კომიტეტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, NATO-ს პარტნიორობა საქართველოსთან მნიშვნელოვანია.

"სასიამოვნოა საქართველოში დაბრუნება. 2021 წელს, ნატოს სამხედრო კომიტეტის საქართველოში ბოლო ვიზიტის შემდეგ, ჩვენ მთელი რიგი შეხვედრები გავმართეთ, სადაც თანამშრომლობის საკითხები განვიხილეთ. ყველაზე ბოლოს, ჩვენი შეხვედრა მაისში, NATO-ს შტაბბინაში შედგა, მაგრამ თბილისში ჩამოსვლა და აქ შეხვედრის გამართვა ჩვენი მხრიდან მკაფიო გზავნილია: NATO-ს პარტნიორობა საქართველოსთან ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

გენერალ-მაიორო მათიაშვილო და მინისტრო ბურჭულაძევ, მსურს, მადლობა გადაგიხადოთ NATO-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის თემაზე ახლახან გამართული დისკუსიებისთვის.

სამხედრო კომიტეტის სხდომაზე განვიხილეთ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ არსებული უსაფრთხოების გარემო, მათ შორის აქცენტი გაკეთდა შავი ზღვის რეგიონზე.

მოვისმინეთ თავდაცვის რეფორმებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის კუთხით მიღწეული პროგრესი. განვიხილეთ NATO-ს თანამშრომლობა საქართველოსთან NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში. მზად ვართ, ერთად ვიმუშაოთ საქართველოს ამბიციური რეფორმების პროგრამის მხარდასაჭერად," - აღნიშნა რობ ბაუერმა.

დღის ამბები