21 დეკემბერი 2024,   19:04
ვრცლად
სასამართლომ Credit Suisse-ს ივანიშვილის სასარგებლოდ ესქრო ანგარიშზე $750 მლნ-ის დადება დაავალა 

Credit Suisse-თან ბიძინა ივანიშვილის დავა გრძელდება, ამჯერად ბიზნესმენის სასარგებლოდ გადაწყვეტილება მიიღო სინგაპურის საერთაშორისო კომერციულმა სასამართლომ (SICC), რომლის თანახმად, Credit Suisse-ის სინგაპურულ სატრასტო შვილობილს, ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ $750 მილიონი დოლარის ესქრო ანგარიშზე განთავსება დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება SICC-მა რამდენიმე დღის წინ მიიღო. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული თანხა ესქრო სადეპოზიტო ანგარიშზე, დავის საბოლოო განაჩენის გამოცხადებამდე დარჩება. თუ კომპანია განაჩენით განსაზღვრულ თანხას ანგარიშზე არ განათავსებს,  დაუყოვნებელ დაიწყება აღსრულების პროცედურა. 

შეგახსენებთ, ივანიშვილის და Credit Suisse-ის დავა თაღლითურ ტრანზაქციებს უკავშირდება, რომლებშიც Credit Suisse-ის სინგაპურის ოფისიც იყო ჩართული. აღნიშნული ტრანზაქციები მილიარდერის ყოფილმა პირადმა ბანკირმა, პატრიკ ლესკადრონმა ივანიშვილის ავტორიზაციის გარეშე განახორციელა, რითაც ბიზნესმენის ქონებას მრავალმილიონიანი ზარალი მიაყენა.

ივანიშვილისთვის მიკუთვნებული კომპენსაცია მოიცავს, როგორც პირადი ბანკირის თაღლითობით დაკარგულ თანხებს, ასევე იმ მიუღებელ შემოსავალს, რომელსაც ივანიშვილი ამ აქტივების პირნათლად მართვის შემთხვევაში მიიღებდა.

სინგაპურის გარდა, თაღლითობის საქმესთან დაკავშირებით, 2022 წლის მარტში ბერმუდის სასამართლომ Credit Suisse-ის ბერმუდულ შვილობილს ივანიშვილის სასარგებლოდ 607 მილიონი დოლარის გადახდაც დააკისრა.

ვერდიქტში მოსამართლე მიუთითებს, რომ Credit Suisse-ი პასუხისმგებელია პირადი ბანკირის მიერ განხორციელებულ თაღლითურ ქმედებებზე და ვალდებულია კლიენტს მიყენებული ზარალი აუნაზღაუროს. 2018 წელს პატრიკ ლესკადრონს ჩადენილი ფინანსური სამართალდარღვევების გამო 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ის აღნიშნული დროისთვის უკვე იხდიდა წინასწარ პატიმრობას, რადგანაც 2015 წლის ბოლოს დააპატიმრეს. 2020 წლის ზაფხულში ლესკადრონმა თავი მოიკლა.

თავად Credit Suisse-ი 2023 წლის 19 მარტიდან დამოუკიდებელი სახით აღარ არსებობს, რადგანაც მან ფაქტობრივი კოლაფსი განიცადა. ამჟამად ბანკის აქტივები და ვალდებულებები UBS-ის შემადგენლობაში შედის, რომელმაც ის 3 მილიარდ შვეიცარიულ ფრანკად შეიძინა. შესაბამისად, ივანიშვილის კომპენსაციის მომსახურებაც საბოლოოდ UBS-ს მოუწევს.

დღის ამბები