"სააკაშვილზე სალაპარაკოდ არ ვარ მოსული" - სასამართლო სხდომიდან ყოფილი პრეზიდენტის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს, მოქმედმა ასე უპასუხა.
სალომე ზურაბიშვილმა 2007 წლის ნოემბრის აქციებს ხალხის ბრძოლა უწოდა, თუმცა, არაფერი თქვა იმაზე, გასცემს თუ არა ამ საკითხზე გამომძიებლების კითხვებს პასუხს.
სალომე ზურაბიშვილმა რომ უნდა განმარტოს, იდგა თუ არა რუსეთი 2007 წლის ნოემბრის პროტესტის მიღმა – ამაზე დღეს სახელისუფლებო გუნდში კიდევ ერთხელ თქვეს. "ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ "ეფესბესთან" კავშირში დადანაშაულება მძიმე ბრალდებაა და მას პასუხი სჭირდება.
2007 წლის აქციაზე და მიტინგის დარბევის მიზეზებზე მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე გამართულ სასამართლო სხდომაზე ისაუბრა. ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ პროტესტის ორგანიზატორების მიღმა, 16 წლის წინ, რუსეთი იდგა. სააკაშვილის პოზიციას იზიარებენ მისსავე პარტიაში.
სააკაშვილის ბრალდებებიდან გამომდინარე, უნდა გამოიკითხოს თუ არა საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი – ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ეს საკითხი არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკურია.
"ქართულ ოცნებაში" დღეს თქვეს, რომ 7 ნოემბრის მოვლენებზე პასუხისმგებელი მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტია, თუმცა, სახელისუფლებო გუნდში ფიქრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ბრალდება - მაშინდელი ოპოზიციის რუსეთთან კავშირების შესახებ, შესაბამის შეფასებას საჭიროებს.
გამოიკითხებიან თუ არა 7 ნოემბრის საქმეზე სალომე ზურაბიშვილი ან აქციის სხვა ორგანიზატორები, ჯერჯერობით, უცნობია. თავად ყოფილ პრეზიდენტს სახელმწიფო ბრალდება 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.