რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები 30 ნოემბერს დასრულდება, რის შემდეგაც რუსთაველის გამზირზე საავტომობილო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგება - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ისაუბრა.
კახა კალაძის განცხადებით, ამ ეტაპზე, იგება ასფალტის საფარის ზედა ფენები და ეწყობა ტროტუარები. ასევე, დასრულებულია გარე განათების ლამპიონების მონტაჟი, მოწყობილია საფეხმავლო კუნძულები და გზაგამყოფები. უახლოეს პერიოდში დამონტაჟდება შუქნიშნებიც.
დედაქალაქის მერის თქმით, დასკვნით ეტაპზეა მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაციაც. პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს გამწვანების სამუშაოები.
"მთლიანად მოხდა გამზირის რეაბილიტაცია. პირველი, რაც გავაკეთეთ, ეს იყო მიწის ქვემოთ არსებული ინფრასტრუქტურის მთლიანი გამოცვლა, მოწესრიგება, იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში. შესაბამისად, დღეს უკვე მიმდინარეობს მოასფალტება მთლიანად გამზირის. სამუშაოები მიმდინარეობს ტროტუარებზე, ხდება ფილებით მოპირკეთება, გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს პარალელურად. თვის ბოლოსთვის მთლიანად პროექტი იქნება დამთავრებული. ძალიან მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული გამზირის მოწესრიგება", - აღნიშნა კახა კალაძემ.