09 ივლისი 2024,   02:28
ვრცლად
კატარის შუამავლობით, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს - ღაზის სექტორში ცეცხლი კიდევ 2 დღით იქნება შეწყვეტილი

კატარის შუამავლობით, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის თანახმად ცეცხლი ღაზის სექტორში კიდევ 2 დღით იქნება შეწყვეტილი. ამის შესახებ ცნობილი ცოტა ხნის წინ გახდა. ცნობილი ხდება ისიც, რომ, ახალი შეთანხმების თანახმად, "ჰამასი", თითო დღეს, ათ მძევალს გაათავისუფლებს. სანაცვლოდ, ისრაელისგან 30 პალესტინელ პატიმარს ითხოვს. 20/60-ზე - ასეთია ახალ შეთანხმებაში გაწერილი რაოდენობა, რომელიც ჯერ ოფიციალურად ისრაელის ომის კაბინეტს არ დაუდასტურებია.

დღეს კი, ღამის 12:00 საათამდე, ისრაელმა ტერორისტებისგან 11 მძევალი უნდა მიიღოს, სანაცვლოდ კი ციხის კარებს 33 პალესტინელს გაუღებენ.

50-დღიანი ტყვეობა კიდევ 17 ადამიანისთვის დასრულდა. გათავისუფლებულთაგან 14 ისრაელის, ხოლო 3 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. მძევალთა ნაწილს ფიზიკური დაზიანებები აქვს. ისინი რეაბილიტაციას საავადმყოფოში გადიან. გათავისუფლებულთა უმრავლესობა ბავშვია. მათ შორის 9 წლის ემილი, რომელიც მამას მოკლული ეგონა.

ბავშვების დასახვედრად ისრაელის მთავრობა საგანგებოდ მოემზადა. მცირეწლოვნებისთვის სპეციალურად შექმნილი გარემო და ფსიქოლოგების დახმარება, ფაქტობრივად, საზღვრის გადმოკვეთისთანავე იყო უზრუნველყოფილი. თვე-ნახევრის წინ გატაცებულებს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს რიგითმა ისრაელელებმა.

მოლაპარაკებების პირობები, რომელსაც ისრაელი "ჰამასს" სთავაზობს, უცვლელია. ცეცხლის შეწყვეტის დამატებით 24-საათიანი პერიოდი 10 გათავისუფლებული მძევლის სანაცვლოდ. დასავლური მედიის ინფორმაციით, ტერორისტული ორგანიზაცია, შესაძლოა, ამ წინადადებას დათანხმდეს.

ისრაელის ციხე დატოვა და თავისუფალია 117 პალესტინელი ქალი და არასრულწლოვანი. პირები, რომლებიც "ჰამასის" მტკიცებით გისოსებს მიღმა უდანაშაულოდ იმყოფებოდნენ. საპირისპიროს ამტკიცებს ისრაელის მედია. ტელეგრამარხებზე გავრცელებულ ვიდეორგოლში ნაჩვენებია შეთანხმების ფარგლებში გათავისუფლებულ ყოფილ მსჯავრდებულთა უმრავლესობა. ასევე, დანაშაულები, რომელთა გამოც ისინი დააკავეს.

ამის მიუხედავად, პალესტინა მსოფლიოსგან ისრაელზე ზეწოლას ითხოვს, რომ საბრძოლო მოქმედებები არ განახლდეს. განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა ბარსელონაში გააკეთა, სადაც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გაგრძელების აუცილებლობაზე მსჯელობენ.

ჯერჯერობით, ითვლიან მძევლებსა და პატიმრებს. ისრაელის მთავრობის მტკიცებით, "ჰამასის" ტყვეობაში კიდევ 180 ადამიანი რჩება. როგორც მოსალოდნელია, მათგან 11, დღეს გათავისუფლდება. თუმცა, ტერორისტული ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი სია ისრაელისთვის მიუღებელია. თავის მხრივ, გასათავისუფლებელ პატიმართა სიასთან პრეტენზიები აქვს "ჰამასსაც". მედიატორი ქვეყნების განცხადებით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რათა ტყვეთა გაცვლის პროცესი არ ჩაიშალოს.  

დღის ამბები