06 ივლისი 2024,   01:29
ვრცლად
ათასობით პაციენტის საფრთხეში ჩაგდებული სიცოცხლე - რა შედეგი დადგა უპრეცედენტო რაოდენობის, უკანონო რეცეპტების გაცემით

ჯანდაცვის სამინისტრომ, შპს ჯანმრთელობა ყველასთვის და "ამბულატორიული კლინიკის" ექიმებს და ხელმძღვანელს საქმიანობა შეუჩერა. ირკვევა, რომ სამკურნალო დაწესებულებები ძლიერმოქმედ ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე რეცეპტს უკანონოდ, სამედიცინო გამოკვლევების გარეშე გასცემდნენ. მხოლოდ წელს, მათი რაოდენობა 3 457-ია, რაც საქართველოში გამოწერილი რეცეპტების ჯამური ოდენობის ნახევარს შეადგენს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დანიშნულების გაცემისას არ იყო გათვალისწინებული მკურნალობის, დოზირებისა და ხანგრძლივობის პრინციპები, რამაც ათასობით პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე შეუქმნა.

დაკეტილია ”ამბულატორიული კლინიკის” გორის ფილიალიც. "კურიერთან" სატელეფონო ინტერვიუში, ექიმი, რომელსაც საქმიანობა შეუჩერდა, ამბობს, რომ კანონი არ დაურღვევია. ბრალდებებს უარყოფს კლინიკის ხელმძღვანელიც.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეისწავლეს ათასობით პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაცია. დადგინდა, რომ კლინიკის სამედიცინო პერსონალი და დირექტორი კანონს ანგარების მოტივით არღვევდნენ და ხელს უწყობდნენ ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული მედიკამენტების უკონტროლოდ მიმოქცევას.

სასამართლომ უკვე დააკმაყოფილა რეგულირების სააგენტოს შუამდგომლობა და მედიკოსებს საქმიანობის უფლება აეკრძალათ. უწყების ინფორმაციით, მსგავსი ფაქტების გამოვლენა ქვეყნის მასშტაბით ყოველდღიურად მიმდინარეობს.

სამი მედიკოსისა და სამი სამედიცინო დაწესებულებისთვის საქმიანობის შეჩერების საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. ინფორმაცია გადაგზავნილია პროკურატურასა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურშიც.

 

დღის ამბები