17 მაისი 2024,   11:10
ვრცლად
"ნუ გამოცდის, ნუ მოაწერს ხელს, მშვიდობიანად ჩაამთავროს საპრეზიდენტო ვადა და მშვიდობიანად გავისტუმრებთ, საიდანაც მოვიდა იქ" - ირაკლი ზარქუა პრეზიდენტის მხრიდან სააკაშვილის შესაძლო შეწყალებაზე

შეიწყალებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს? "ქართული ოცნება" პრეზიდენტს "ნაციონალური მოძრაობის" დე ფაქტო თავმჯდომარეს უწოდებს. უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ ამ საკითხზე პრეზიდენტის განსხვავებული კომენტარი არ გაკვირვებიათ, თუმცა აქვე შეახსენებენ იმ რეაქციას, რაც შესაძლოა სააკაშვილის შეწყალებას მოჰყვეს. 

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა, სალომე ზურაბიშვილს ურჩევს, რომ საპრეზიდენტო ვადა მშვიდობიანად დაასრულოს.

"ხარი ხართან რომ დააბა ან ზნეს იცვლს ან ფერსაო. არც ოპოზიციაა ხარი, არც პრეზიდენტი, მაგრამ აი როგორც შეუძლია, როდესაც ხარ კოალიციაში უთავმოვარეოებთან, ყოველგვარი ღირებულებების გარეშე დარჩენილ ხელმოცარულებთან, შემდეგ უკვე არ უნდა გაგიკვირდეთ, როდესაც იმ განცხადებას, გამოთქმას, წინადადებას - "არა და არასდროს", მერე როგორსაც გინდა ისეთ ინტერპრეტაციას და მოდერნიზაციას გაუკეთებ. ამ რადიკალებთან და ხელმოცარულებთან აყალიბებს რაღაც პოლიტიკურ გაერთიანებას. არ მიკვირს. 

პატიმარ სააკაშვილს და "ნაცმოძრაობას" უამრავი ადამიანი ჰყავს გამწარებული, უამრავი ოჯახი დააქციეს, უამრავ ახალგაზრდას მისმა პოლიტიკამ მოუსწრაფა სიცოცხლე. 
ნუ გამოცდის. ნუ მოაწერს ხელს. მშვიდობიანად ჩაამთავროს მისი საპრეზიდენტო ვადა და მშვიდობიანად გავისტუმრებთ, საიდანაც მოვიდა იქ," - აცხადებს ირაკლი ზარქუა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით პოზიცია შეცვალა. რადიო "თავისუფლების" პრაღის ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში ზურაბიშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არ უთქვამს.

დღის ამბები