სალომე ზურაბიშვილი ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. ერთხელ ვერ ვათქმევინეთ მას ბოლომდე, რომ საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. ასეთ ადამიანს არავითარი მორალური უფლება არ ჰქონდა, რომ ხალხთან ერთად ეზეიმა კანდიდატის სტატუსი იმ დღეს, თავისუფლების გამზირზე - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, თავისუფლების მოედანზე სალომე ზურაბიშვილის მისვლა იყო მორიგი პროვოკაცია, რომელიც წარმატების გარეშე დასრულდა. რაც შეეხება ელჩის მისალმებას, ირაკლი კობახიძის თქმით, ეს არის პროტოკოლური ასპექტი.
"ნებისმიერ ელჩს ევალება, რომ დაიცვას ის ფორმალური რანგირება, რომელიც მოქმედებს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, აქ სასპეკულაციო არაფერია და აბსოლუტურად გასაგებია, რატომაც დაიწყო ევროკავშირის ელჩმა მისალმება სწორედ ასეთი ფორმით. რაც შეეხება იმას, რომ სალომე ზურაბიშვილი დაცვით გარშემორტყმული იდგა სცენის წინ და მერე მოუწია დროზე ადრე იმ ტერიტორიის დატოვება, ეს მეტყველებს იმაზე, რომ საზოგადოება ხედავს ყველაფერს. სალომე ზურაბიშვილი ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. ერთხელ ვერ ვათქმევინეთ მას ბოლომდე, რომ საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. ასეთ ადამიანს არავითარი მორალური უფლება არ ჰქონდა, რომ ხალხთან ერთად ეზეიმა კანდიდატის სტატუსი იმ დღეს, თავისუფლების გამზირზე. ის მუდმივად გეგმავს პროვოკაციებს, თუმცა, საბოლოო ჯამში მას ყველა პროვოკაცია ჩაუვარდა. ეს პროვოკაციაც ჩაუვარდა, რასაც ერქვა თავისუფლების მოედანზე დაუპატიჟებლად მისვლა," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.