მმართველი პარტიის წევრების კრიტიკა ამჯერად ზაზა ბიბილაშვილის სატელევიზიო ინტერვიუს მოჰყვა. "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრმა და ამჟამად ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელმა, შობის თარიღზე ისაუბრა და თქვა, რომ მსგავს სიმბოლოებს პოლიტიკური დატვირთვა აქვს.
7 იანვარი, ბიბილაშვილის აზრით, რუსული ორიენტირის ნიშანია. "ქართულ ოცნებაში" ოპონენტების მხრიდან ქრისტეს შობის თარიღთან დაწყებულ დისკუსიებს საპატრიარქოს მიზანმიმართულად დისკრედიტირების მცდელობად აღიქვამენ. ბიბილაშვილის იდეას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა ოპოზიციურ სპექტრში.
პარტიების ნაწილი შობის აღნიშვნის თარიღს საპატრიარქოს კომპეტენციად მიიჩნევს, ნაწილი კი საერო პირებს საეკლესიო საკითხების თემატიკის კომენტირებისგან თავშეკავებას ურჩევს. ოპონენტების მხრიდან რელიგიური დღესასწაულის თარიღის ირგვლივ დაწყებულ დისკუსიას პოლიტიკური პიარის შემადგენელ ნაწილად აღიქვამენ საპარლამენტო უმრავლესობაში.
კანონმდებლების თქმით, ოპოზიციის ნაწილი თემით მიზანმიმართულად სპეკულირებს და, ხელოვნურად, სამოციქულო ეკლესიის დაზიანებას ცდილობს.
25 დეკემბერი თუ 7 იანვარი - შობის დღესასწაულის თარიღთან დაკავშირებით დისკუსია რამდენიმე დღეა გრძელდება. ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი საკითხს პოლიტიკურ ჭრილში განიხილავს და საპატრიარქოსგან დამკვიდრებული რიცხვის შეცვლას ითხოვს.