01 ივლისი 2024,   16:59
ვრცლად
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: სამწუხაროა, რომ ამ ვანდალიზმს არ გამოეხმაურა არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია თუ საელჩო, დარწმუნებული ვარ, სხვა კონფესიასთან დაკავშირებით რომ მომხდარიყო, აუცილებლად იქნებოდა დიდი აჟიოტაჟი

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მატრონა მოსკოველის ხატთან დაკავშირებულ ფაქტს კიდევ ერთხელ ეხმაურება. 

დეკანოზის თქმით, სამწუხაროა, რომ ვანდალიზმს არ გამოეხმაურა არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია თუ საელჩო. "დარწმუნებული ვარ, სხვა კონფესიასთან დაკავშირებით რომ მომხდარიყო ეს, აუცილებლად იქნებოდა დიდი აჟიოტაჟი" - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა.

"ეს არის ძალიან მგრძნობიარე თემა ჩვენი საზოგადოებისათვის. ჩვენ მივესალმებით ინიციატივას, რომ დარეგულირდეს კანონმდებლობა და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა იყოს მოქცეული კანონის ჩარჩოში და არ იყოს ისეთი განუკითხაობა, როგორიც დღესაა. ამის შესახებ ჯერ კიდევ 3 წლის წინ, 2021 წელს მეუფე შიომ განაცხადა და თქვა, რომ ეს თუ არ მოხდა, ქვეყანაში სულ პოლარიზაცია იქნება.

ძალიან სამწუხარო არის ის ფაქტი, რომ ამ ვანდალიზმს არ გამოეხმაურა არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია თუ საელჩო და ამ მოვლენას ვანდალიზმი არ უწოდა. დარწმუნებული ვარ, სხვა კონფესიასთან დაკავშირებით რომ მომხდარიყო ეს, აუცილებლად იქნებოდა დიდი აჟიოტაჟი ატეხილი. რატომღაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ ჯერზეც დისკრიმინაციულ სიტუაციაში აღმოჩნდა. განცხადებები, რომლებიც ვრცელდება საპატრიაორქოს ვებგვერდზე, ყოველთვის არის შეთანხმებული უშუალოდ პატრიარქთან. პირველივე განცხადებებში მე ვთქვი, რომ წმინდა მატრონას სტალინთან შეხვედრა უფრო მითია, ვიდრე დადასტურებული ფაქტი - სწორედ ეს აისახა განცხადებაში. მოსახლეობის იმ ნაწილში, რომელსაც ჰქონდა სამართლიანი პროტესტი ამ ვანდალიზმის მიმართ, გაუჩნდა ნაკლულოვანების გრძნობა, რომ თითქოს განცხადებაში უნდა ყოფილიყო რომელიმე კონკრეტული პირის დასჯის მოთხოვნა. ეს სრულიად გამორიცხულია, რადგან პატრიარქის სახელით ასეთი განცხადება ვერ გაკეთდებოდა", - აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

დღის ამბები