"არ შეიძლება, რუსეთს კონტრშეტევის მომზადების შესაძლებლობა მივცეთ", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რიგაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთი რევანშისთვის ემზადება, უკრაინა კი გეგმავს, რომ ეს არ დაუშვას.
მისი თქმით, საჭიროა, რომ უკრაინის გეგმები პარტნიორების შესაძლებლობებს ემთხვეოდეს.
"არ დავუშვათ კონფლიქტის გაყინვა, არ მივცეთ რუსეთს საშუალება მოემზადოს ძლიერი კონტრშეტევისთვის. ერთ წელიწადში, ორში, სამში, ხუთში, არ მივცეთ ამის საშუალება. სანამ ომი დასრულდება, არ მივცეთ მათ შესაძლებლობა, გაზარდონ თავიანთი წარმოება, არ მივცეთ რუსეთს საშუალება, ამ წელს გაყინონ კონფლიქტი, რომ მათმა სამხედროებმა შეძლონ ძლიერად მომზადება ომისთვის. ომის გაყინვის შემთხვევაში, სანქციები, დროის განმავლობაში, შესუსტდება და გაჩნდება ახალი რიტორიკა: “რისთვისაა ახალი სასანქციო პაკეტი საჭირო, თუ საბრძოლო ქმედებები არ არის?”, - განაცხადა ზელენსკიმ.
ლატვიის პრეზიდენტის, ედგარს რინკევიჩსის განცხადებით, ლატვია უკრაინას დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს.
"დღეს, მე ვაცნობე უკრაინის პრეზიდენტს დახმარების შემდეგი პაკეტის შესახებ, რომელიც მოიცავს ჰაუბიცებს, 155 მმ-იან საბრძოლო მასალას, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, რაკეტებს, ყუმბარებს, ვერტმფრენებს, დრონებს, საკომუნიკაციო მოწყობილობებს, გენერატორებსა და აღჭურვილობას. სეიმმა მხარი დაუჭირა 500 მილიონ ევროზე მეტის გამოყოფას რეკონსტრუქციის პროგრამისთვის სამი წლის განმავლობაში. სწორედ ეს პროგრამა იქნება კონცენტრირებული ჩერნიგოვის რეგიონზე", - აცხადებს ედგარს რინკევიჩსი.