03 ივლისი 2024,   13:21
ვრცლად
ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის დეესკალაციის ნაცვლად, რეგიონში სიტუაცია ყოველდღიურად მწვავდება - გეოპოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო მასშტაბურ ხასიათს იღებს

მორიგი იერიში და მორიგი სამიზნე. ისრაელელმა სამხედროებმა მიზანში დამასკოს ცენტრი დღეს კიდევ ერთხელ ამოიღეს. ცეცხლი კონკრეტული სპეცოპერაციის დროს კონკრეტული პირების მისამართით გაიხსნა. დრონებით განხორციელებული თავდასხმისას ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის ოთხი ოფიციალური წარმომადგენელი და რამდენიმე სამხედრო პირი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შეტევა იმ შენობაზე განხორციელდა, რომელსაც გვარდიის კორპუსის წარმომადგენლები იყენებდნენ.

ღაზის სექტორის მთლიან ტერიტორიაზე "ჰამასის" სამხედრო ბაზებთან ერთად საბრძოლო იარაღის განადგურებაც გრძელდება. მხოლოდ ერთ დღეში არაერთი მძიმე საბრძოლო აღჭურვილობა განადგურდა.

აქტიურია სახმელეთო და საზღვაო იერიშებიც. ისრაელელმა სამხედროებმა "ჰამასის" გვირაბის შახტები და სადამკვირვებლო პუნქტები აღმოაჩინეს. ყველა მათგანი უკვე განადგურებულია.

მიუხედავად ისრაელის საგრძნობი სამხედრო უპირატესობისა, ქვეყანა მძევლების დახსნას უკვე მეოთხე თვეა ვერ ახერხებს. ეს კი, ტყვეობაში მყოფთა ოჯახის წევრებში პროტესტს იწვევს. ისინი დღეს პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს სახლთან დაბანაკდნენ და 24 საათიანი შიმშილობა გამოაცხადეს მოთხოვნით - დროულად დასრულდეს მძევლების გათავისუფლების პროცესი.

ახლო აღმოსავლეთში შექმნილი მდგომაროება მთავარი განხილვის თემად რჩება საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე. გაეროს წევრი ქვეყნები ისრაელს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. ამ მხრივ გამონაკლისი ამერიკაა. თეთრ სახლში მხარს უჭერენ ჰუმანიტარულ პაუზებს, თუმცა არა კონფლიქტის დასრულებას. შტატებისთვის ომის ამ ფაზაში შეჩერება "ჰამასის" ტერორისტრული ქმედებების წახალისებას ნიშნავს.

კვლავ აქტუალურ საკითხად რჩება ორი სახელმწიფოს შექმნის იდეა. ამერიკის პრეზიდენტს ეს შეუძლებლად არ მიაჩნია და სჯერა, რომ გამოსავლის პოვნა სწორედ ამ გზით არის შესაძლებელი. მძევლების გათავისუფლების საკითხი და საომარი კურსის შეცვლა იყო მთავარი განხილვის თემა ისრაელის პრემიერ-მინისტრსა და ჯოზეფ ბაიდენს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრისას.

კონფლიქტის მოგვარების რეალური პერსპექტივა ჯერ არ ჩანს. სიტუაციის დასტაბილურების გზის ძებნის პარალელურად, ომის მონაწილე მხარეების დანაკარგები იზრდება, როგორც ადამიანური, ისე მატერიალური. 7 ოქტომბრიდან ღაზის სექტორში 25 000-მდე ადამიანი დაიღუპა და 62 000-ზე მეტი დაიჭრა.

დღის ამბები