16 ნოემბერი 2024,   02:57
ვრცლად
"სიტყვები არ მყოფნის იმის ასახსნელად, თუ როგორ სიტუაციაა ღაზაში" - ჟოზეფ ბორელის თქმით, ბრიუსელში, მინისტერიალზე, ახლო აღმოსავლეთის კრიზისი და უკრაინის დახმარების საკითხი განიხილება

ევროკავშირის წევრი ქვეყნების პირველი დიპლომატების პირველი შეხვედრა ახალ პოლიტიკურ წელს - საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ბრიუსელში ორ ძირითად საკითხზე იმსჯელებენ. როგორც ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, ეს არის ახლო აღმოსავლეთის კრიზისი, რომლის ესკალაციაც ევროკავშირში დიდ შეშფოთებას იწვევს და უკრაინის დახმარება.

"ჩვენ დღეს ვაპირებთ, რომ ყველა ქვეყანა ჩაერთოს დისკუსიებში, რომლებიც უშუალოდ განიცდიან ღაზაში არსებულ ვითარებას. მინდა გითხრათ, რომ უარესი ჰუმანიტარული მდგომარეობა არ შეიძლებოდა ყოფილიყო ღაზაში. სიტყვები არ მყოფნის იმის ასახსნელად, თუ როგორი სიტუაციაა - ასობით ათასი ადამიანი თავშესაფრის გარეშე, საკვებისა და წამლების გარეშე, მხოლოდ ბომბების ქვეშ. ყოველდღე იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობის დიდი რაოდენობა. ეს როდემდე გაგრძელდება?! - ეს არის ის, რასაც დღეს მინისტრები განიხილავენ. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა შევწყვიტოთ საუბარი მშვიდობაზე, სამშვიდობო პროცესზე და უფრო კონკრეტულად დავიწყოთ საუბარი ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის პროცესზე. ამ გადაწყვეტის გზა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. უნდა შევისწავლოთ გამომწვევი მიზეზები, რომლებიც ხელს უშლის ამ გადაწყვეტის განხორციელებას. ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ არაბულ სამყაროსთან. ვიცი, ძნელია, მაგრამ ეს არის ჩვენი მორალური მცდელობა, ჩვენი მორალური ვალდებულება, რომ მაქსიმალურად გავაკეთოთ, ვცდილობთ, ვეძიოთ გამოსავალი. მათ წარმოადგინეს ყოვლისმომცველი მიდგომა, 10-პუნქტიანი გეგმა. ეს კომპლექსური საკითხია და, რაც 30 წლის განმავლობაში განიხილებოდა, ერთ ღამეში ვერ გადაიჭრება. დღის წესრიგშია უკრაინაც. ის ფაქტი, რომ ჩვენ ახლო აღმოსავლეთში გამოსავლის ძიებაზე ვართ დაკავებული, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ვაგრძელებთ მხარდაჭერას უკრაინაში," - განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში ჟოზეფ ბორელმა.

დღეს ევროპის პირველ დიპლომატებს ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებიც შეხვდებიან, ბრიუსელში ჩადიან ისრაელისა და პალესტინის საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც ევროპელ კოლეგებს ცალ-ცალკე შეხვდებიან.

 

 

დღის ამბები