4-დღიანი დუმილის შემდეგ, თინა ხიდაშელის ორგანიზაცია ტაივანიდან დაფინანსების საკითხზე პირველ განმარტებას აკეთებს. გაჩენილ კითხვებს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ორგანიზაცია, სპეციალური განცხადებით ეხმაურება.
"სამოქალაქო იდეა" მიზნებზე ვრცლად საუბრობს, თუმცა არაფერს ამბობს, აღიარებს თუ არა ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას.
"ჩვენ არ გამოვხატავთ რომელიმე სახელმწიფოს აღიარების ან არ აღიარების შესახებ პოზიციას", -ნათქვამია განცხადებაში.
ტექსტში ასევე წერია, რომ "სამოქალაქო იდეას", ტაივანის სახელმწიფოს დაფინანსება არასდროს ჰქონია. თუმცა ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ "სამოქალაქო იდეას" აქვს პარტნიორული ურთიერთობები ტაივანში არსებულ ორგანიზაციებთან, მათ შორის, "ტაივანის დემოკრატიის ფონდთან". ეს ფონდი კი, როგორც გამოქვეყნებული დოკუმენტაციით ირკვევა, ტაივანის მთავრობის დაფინანსებულია.
"ჩვენ არ ვართ საგარეო საქმეთა სამინისტრო, შესაბამისად, არ გამოვხატავთ რომელიმე სახელმწიფოს აღიარების ან არ აღიარების შესახებ პოზიციას. არასოდეს, არც "სამოქალაქო იდეას“ და არც თინათინ ხიდაშელს, ტაივანის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ განცხადება არ გაუკეთებია და ასეთს ვერც ვერასოდეს მოისმენთ. დიახ, "სამოქალაქო იდეას“ აქვს პარტნიორული ურთიერთობები ტაივანში არსებულ ორგანიზაციებთან. შეცდომაა - "ტაივანი გაფინანსებთ“, ვინაიდან განსხვავებით ჰოლანდიის, ნორვეგიის, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ს მთავრობებისგან, სადაც "სამოქალაქო იდეას“ დაფინანსება საელჩოების, შესაბამისად, პირდაპირ ამ სახელმწიფოებისგან აქვს წლების განმავლობაში, ჩვენ ტაივანის სახელმწიფოს დაფინანსება არასოდეს გვქონია. ნამდვილად გვქონდა და იმედი გვაქვს მომავალშიც გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან ტაივანიდან, რომლებიც კერძო, დამოუკიდებელი ორგანიზაციები არიან და, შესაბამისად, ჩვენ მიერ წარდგენილი ინიციატივების მოწონების შემთხვევაში, დაფინანსებასაც გამოყოფენ", - აღნიშნულია განცხადებაში.