აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსზე დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით მოლდოვა ლიდერობს, უკრაინა მეორე, საქართველო კი მესამე ადგილზეა. ინდექსი 6 ქვეყნის საქმიანობას აფასებს და ადგენს მათ პროგრესს დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული ინტეგრაციისკენ.
ირკვევა, რომ კვლევის პროცესში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის გუნდმა ადგილობრივი ექსპერტების მოსაზრებები გამოიყენა.
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორის კორნელი კაკაჩიას განცხადებით, დემოკრატიის თვალსაზრისით ქვეყანა უკუსვლას განიცდის და ამაზე საუბარი დიდი ხანია მიმდინარეობს.
"ქვეყანა განიცდის და დიდი ხანია ამაზე ლაპარაკია, დემოკრატიის თვალსაზრისით უკუსვლას და ეს არის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ აღნიშნული, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა მონიტორინგის შედეგებითაც და ასე რომ დიდად გასაკვირი იყოს, ასე არ არის. რაც ყველაზე მთავარია, ეს არის სამოქალაქო საზოგადოების შეფასება ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ და ბუნებრივია და არც არის გასაკვირი, რომ ეს იყოს კრიტიკული, როგორც მოსალოდნელი იყო", - აცხადებს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია.