06 ოქტომბერი 2026,   00:15
ვრცლად
სოფელ დიღმისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი ხიდი რეაბილიტაციის შემდეგ გაიხსნა

ხიდი, რომელიც წლების განმავლობაში პრობლემურ მონაკვეთად ითვლებოდა, დღეიდან ქალაქის სატრანსპორტო ქსელის ნაწილია. ძველი დაზიანებული კონსტრუქცია თანამედროვე რკინაბეტონის ხიდმა ჩაანაცვლა. საავტომობილო გზა სოფელ დიღომს ვაშლიჯვართან აკავშირებს. პროექტის განხორციელების შედეგად გაიზარდა მოძრობის უსაფრთხოება და სატრანსპორტო გამტარუნარიანობა.

ხიდი მისი მდებარეობიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია. დაზიანებული ინფრასტრუქტურის გამო წლების განმავლობაში აქ გადაადგილება საფრთხის შემცველი იყო. პროექტის ფარგლებში ძველი ხიდის სრული დემონტაჟი განხორციელდა.

რეაბილიტაცია ხუთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. 64 მეტრის სიგრძის კონსტრუქცია თანამედროვე სტანდარტებზეა გათვლილი. რეაბილიტაციის შედეგად მოეწყო სანიაღვრე ქსელები. შეიცვალა გარე განათების სისტემა და დამონტაჟდა თანამედროვე ლედ სანათები. ქვეითებისთვის მოეწყო ტროტუარები და ლითონის მოაჯირები.

პროექტი დედაქალაქის ბიუჯეტიდან ოთხი მილიონი ლარით დაფინანსდა.

დღის ამბები