06 ოქტომბერი 2026,   05:52
ვრცლად
იმყოფებოდა თუ არა ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე - რას მოჰყვა "ნაციონალურ მოძრაობაში" ახალი დაპირისპირება

იმყოფებოდა თუ არა ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე - ვიდეოში ნანუკა ჟორჟოლიანს მოკლედ ის ამბავი უნდა მოეყოლა, იყო თუ არა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე. თუმცა, ამ საკითხს ჟორჟოლიანმა 3 წუთიან და 8 წამიან ვიდეომიმართვაში მხოლოდ 6 წამი დაუთმო და ყურადღების გადატანა სხვა თემების განხილვით სცადა. მისივე გავრცელებული მიმართვით კი გაირკვა, რომ მიხეილ სააკაშვილის ფავორიტისთვის 1 ოქტომბერს პრიორიტეტი ბოლნისში წასვლა იყო და არა მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მხარდამჭერ აქციაზე მისვლა. 

სხვა ვერსია აქვს "ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭოს თავმჯდომარეს. ირაკლი ფავლენიშვილი ფიქრობს, რომ ნანუკა ჟორჟოლიანს შესაძლოა, საცობის გამო დააგვიანდა.

იძებნება "ნაციონალური მოძრაობის" ის წევრი ან მხარდამჭერი, რომელმაც 6 საქმეში ბრალდებული და აქედან 4-ში უკვე დამნაშავედ ცნობილი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის 5 წლისთავისადმი დაგეგმილ აქციაზე ნანუკა ჟორჟოლიანი ნახა. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის პარტიის კიდევ ერთი წევრი, ანა წითლიძეც ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის რჩეული ნანუკა ჟორჟოლიანი რიყის პარკში გამართულ მცირერიცხოვან აქციაზე იყო, მაგრამ სხვების მსგავსად პირადად არც მას უნახავს.

რიყის პარკში დაგეგმილ შეკრებას ნანუკა ჟორჟოლიანი რამდენიმე დღით ადრე აანონსებდა, თუმცა ამ აქციაზე დასწრების ამსახველი არც ერთი ფოტო ან ვიდეო სოციალურ ქსელში არ გაუვრცელებია. არსებული ინფორმაციით, სწორედ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე მისი არყოფნა გახდა გიული ალასანიასთან დაპირისპირებისა და მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის უკმაყოფილების მიზეზი. გავრცელებული ინფორმაციით, ალასანიამ ჟორჟოლიანს უთხრა, რომ სააკაშვილი იმედგაცრუებულია. კონფლიქტის შესახებ საუბარი არ სურს სააკაშვილის დედას, პარტიის რეფორმატორთა საბჭოს აღმასრულებელი მდივანი კი ამტკიცებს, რომ ეს ჭორია.

"ნაციონალურ მოძრაობაში" დაწყებული ახალი დაპირისპირება, მმართველი გუნდის შეფასებით, პოლიტიკურად ნიადაგგამოცლილი ოპოზიციის შიდა მდგომარეობას ასახავს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ საკუთარი, ერთპიროვნული ლიდერისთვის გამართულმა აქციამ განულებული ოპოზიციის რეალური სახე აჩვენა.

"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირების ახალი ტალღა სწორედ სააკაშვილის მხარდამჭერმა აქციამ გამოიწვია. მათმა ლიდერმა საკუთარი თვალით ნახა რომ ერთკვირიანი ანონსის მიუხედავად აქცია ვერც დათქმულ დროს დაიწყეს, ვერც მხარდამჭერები მოაგროვეს და რამდენიმე წუთშიც დაიშალნენ.

 

დღის ამბები