05 ოქტომბერი 2026,   20:41
ვრცლად
პაატა სალია: გასატარებელი რეფორმები არის, მაგრამ მათ გეგმაზომიერად ვახორციელებთ. რეგიონში ერთ-ერთი მოწინავე ვართ მსჯავრდებულების უფლებებისა და მათი ღირსების დაცვის თვალსაზრისით

"2012 წლიდან არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა სასჯელაღსრულების მიმართულებით. ორიოდე წლის წინ დამტკიცდა ახალი პენიტენციური კოდექსი, არაერთი ახალი პენიტენციური დაწესებულება აშენდა. მნიშვნელოვნად შეიცვალა დამოკიდებულება პატიმრების მიმართ. დღეს შეგვიძლია, ვთქვათ, რომ პენიტენციური სისტემა იცავს მსჯავრდებულების, ბრალდებულების უფლებებს, მათ ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას, ღირსებას. ამ რეფორმების შედეგია ის, რომ არაერთი პროგრამა მუშაობს პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიმართულებით. ბევრი ადამიანი დღეს პროფესიით გამოდის სასჯელაღსრულების ადგილებიდან. არსებითად შეიცვალა დამოკიდებულება პატიმრის მიმართ", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.

იუსტიციის მინისტრმა პენიტენციური დაწესებულებების გადატვირთულობაზეც ისაუბრა:

"გახსოვთ, რა ხდებოდა ციხეებში 2012 წლამდე, სადაც 5-კაციან საკანში შეიძლება 50-60 და 100 ადამიანიც ყოფილიყო და მათ რიგ-რიგობით უწევდათ მოსვენება. დღეის მდგომარეობით, როცა გადატვირთულობაზე ვსაუბრობთ, ფაქტიურად, არ ვცდებით საერთო ლიმიტს... არის სულ 3 დაწესებულება, სადაც მცირედ ვცდებით ვროპის საბჭოს წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის ლიმიტის რაოდენობას. მთავრი გამოწვევა, რა თქმა უნდა, არის ინფრასტრუქტურა, რომელსაც მუდმივად ვაუმჯობესებთ. ახლახან დავასრულეთ პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა ქალაქ რუსთავში, დაახლოებით 150 ადამიანზე", - განაცხადა მან.

პაატა სალიამ იმ რეფორმების შესახებაც ისაუბრა, რომელიც 2012 წლიდან პენიტენციურ სისტემაში განხორციელდა:

"2012 წლიდან დღემდე პერიოდში ძალიან დიდი შრომა იქნა გაწეული, ძალიან დიდი ცვლილებები განხორციელდა და დღეს საუბარია ერთეულ შემთხვევებზე მაშინ, როდესაც ათასობით შემთხვევა იყო. ამის დასტური არის თუნდაც საქმეების ის რაოდენობა, რაც იგზავნებოდა პენიტენციურ დაწესებულებასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოში. 2012 წლის შემდგომ პერიოდზე არცერთი საჩივარი არ არის პენიტენციურ დაწესებულებაში არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით... ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სახალხო დამცველთან. ამ მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია, რომ ძალიან ბევრი პრობლემა გამოსწორდა და ეს არის მუდმივი პროცესი.

ვერავინ იტყვის მსოფლიოს ვერცერთ ქვეყნაში, რომ პენიტენციური სისტემა, ან რომელიმე სხვა სისტემა, არის იდეალური და მას არ სჭირდება რეფორმირება. ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ გაცილებით წინ ვართ ბევრ სახელმწიფოსთან შედარებით, გასატარებელი რეფორმები არის, მაგრამ მათ გეგმაზომიერად ვახორციელებთ. რეგიონში ერთ-ერთი მოწინავე ვართ მსჯავრდებულების უფლებებისა და მათი ღირსების დაცვის თვალსაზრისით", - აღნიშნა სალიამ.

 

დღის ამბები