"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე, რომელიც 24 იანვარს გაიმართა, ირაკლი ღარიბაშვილს შესთავაზეს, საარჩევნო მარათონის აქტიურ ფაზაში შესვლამდე დარჩენილიყო პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, თუმცა მან უარი განაცხადა.
მამუკა მდინარაძემ ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა.
"24 იანვარს გაიმართა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რაც დღეს გახდა საზოგადოებისა და მედიისთვის ცნობილი. მათ შორის, იყო შეთავაზება პოლიტსაბჭოს მხრიდან, რომ საარჩევნო მარათონის აქტიურ ფაზაში გადასვლამდე ყოფილიყო ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი და შემდეგ მომხდარიყო ეს ცვლილება გარკვეული როტაციის პრინციპით, მაგრამ მან თავად მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, რომ ახალ პრემიერს, მისი სიტყვებით, უნდა მიეცეს საშუალება, რომ მთელი ეს პერიოდი გამოიყენოს ახალი გუნდის, ხედვებისა და მიდგომების ჩამოსაყალიბებლად.
აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს იმისათვის, რაც მან ამ წლების განმავლობაში ამ ქვეყნისთვის გააკეთა. თქვენ იცით, რომ მისი პრემიერობის პერიოდში ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწია ჩვენმა ქვეყანამ. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი გუნდის, არამედ ჩვენი ქვეყნის წარმატებაა. განსაკუთრებით გამოვყოფდი ქვეყნის ეკონომიკურ პროგრესს; რა თქმა უნდა, კანდიდატის სტატუსი პირველია, რაც შეიძლება ამ კონტექსტში მოვიხსენიოთ და სხვა უამრავი წარმატება, რაც საქართველომ მიიღო მისი პრემიერობის პერიოდში.
ჩვენ გვახსოვს, 2012 წლამდე, ქვეყნის პირველი პირობა იყო პრივილეგია და კომფორტი, დღეს, 2012 წლის შემდეგ პერიოდში, დადგა ის დრო, როცა ეს არის უდიდესი ტვირთი, პასუხისმგებლობა, საკმაოდ მძიმე პასუხისმგებლობა, მძიმე ტვირთი და ვიცით, რომ დემოკრატია თავის მსხვერპლსაც მოითხოვს და ბევრი რაღაცის ატანა უხდებათ, განსაკუთრებით, ლიდერებს. ამ ყველაფრისთვის მას ძალიან დიდი მადლობა ეკუთვნის,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ირაკლი კობახიძე დაიკავებს, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე იქნება.