29 სექტემბერი 2024,   03:08
ვრცლად
გიჟი უნდა ვიყო, რომ მეილიდან, რომელიც ასოცირებულია ჩემთან, ასეთი შეტყობინებები გავგზავნო და მთელი ქვეყანა ფეხზე დავაყენო - ბექა ვარდოსანიძე

გვიან ღამით დასრულდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოწმის სტატუსით დაბარებული ბექა ვარდოსანიძის გამოკითხვა. რამდენიმესაათიანი გამოკითხვიდან გამოსული "ალტ-ინფოს" წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ მუქარის შემცველი წერილი სხვადასხვა უწყებაში მას არ გაუგზავნია.

„არაფერი არ მაქვს დასამალი. ტექნიკა ჩამომართვეს მთლიანად, ახლა უბრალოდ ვერ გავაგრძელებ ჩემს მაუწყებლობას და ინფორმაციის გავრცელებას. ჟურნალისტებმაც კარგად იცით ჩემი დამოკიდებულება იდეოლოგიურად ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და ბევრი ადამიანი შეიძლება იყო, ვინც, პოლიტიკური აქტივობიდან გამომდინარე, რაღაც პრივილეგიები დაკარგა, მხილება და ა.შ. შეიძლება, გამწარებული იყოს.

მე გიჟი უნდა ვიყო, რომ მეილიდან, რომელიც ასოცირებულია ჩემთან, გავაგზავნო ასეთი შეტყობინებები და მთელი ქვეყანა დავაყენო ფეხზე,“ - აცხადებს ”ალტ-ინფოს” წევრი ბექა ვარდოსანიძე.

ვარდოსანიძის ადვოკატის ინფორმაციით, უკვე დადგენილია, რომ შეტყობინება მისი დაცვის ქვეშ მყოფის ელექტრონული ანგარიშიდან გაგზავნილი არ არის.

საქმე, რომლის გამოც ჰომოფობიური განწყობებით და ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი ულტრა მემარჯვენე ბლოგერი გამოიკითხა, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებას ეხება. პარალელურად, ჩხრეკა ჩატარდა ვარდოსანიძის სახლშიც - ამოღებულია ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი
ყველა მოწყობილობა.

დღის ამბები