კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს უხუცესი მთამსვლელის, ლევონ სარქისოვის, გარდაცვალების გამო.
ცნობილმა მთამსვლელმა ლევონ სარქისოვმა მსოფლიოს არაერთი მწვერვალი დალაშქრა. 1999 წელს, ექსპედიცია "კავკასია 99-ის" წევრებთან ერთად, დედამიწის უმაღლესი მწვერვალი ევერესტი (8848 მ) დაიპყრო. გარდა ამისა, დალაშქრა უშბის სამხრეთ და ჩრდილოეთ მწვერვალები (4 710 მ და 4 676 მ), ჩათინი (4412 მ), იალბუზი (5 642 მ) და ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მდებარე ხუთივე შვიდიათასიანი მწვერვალი.
ლევონ სარქისოვმა არაერთი მთამსვლელი აღზარდა და ქართული ალპინიზმის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ის იყო "ედელვაისის ორდენისა" და ღირსების ორდენის კავალერი და "თოვლის ჯიქის" ტიტულის მფლობელი.
"საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ლევონ სარქისოვის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.